პოლიტიკური დევნა

დეკლარაცია საქართველოში წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებელ გამოყენებაზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 30 დეპუტატი დეკლარაციას აქვეყნებს, რომელიც პოლიტიკური ფიგურების, მათ შორის, გიგი უგულავას წინასწარ პატიმრობას ეხება. დეკლარაციას ხელს აწერენ ასამბლეის ექვსი ფრაქციის წარმომადგენლები, მათ შორის, სამი ყველაზე დიდი ფრაქციის - "ევროპელ ხალხთა პარტია", "ლიბერალთა ალიანსი და დემოკრატები ევროპისთვის" და "ევროპელი კონსერვატორების ჯგუფი". დეპუტატები საქართველოში "ხშირი და დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობის გამოყენებაზე" საუბრობენ, რაზეც ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის ანგარიშშიც იყო საუბარი. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ODIHR-ის შენიშვნები.

"როგორც აღნიშნულია, "საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ“ ასამბლეის რეზოლუციაში #2015 (2014წ) "ყოფილი მმართველი გუნდის თითქმის ყველა ლიდერი დააკავეს, მათზე მიდის სამართლებრივი დევნა ან გამოძიება.“ მათ შორის, არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. ბატონი უგულავა, რომელიც 2014 წლის ივნისის ადგილობრივ არჩევნებში ენმ-ის კამპანიის ხელმძღვანელი იყო, მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე დააპატიმრეს და მოათავსეს წინასწარ პატიმრობაში, რამაც ფართო კრიტიკა გამოიწვია.

საქართველოს მთავრობის მოწვევით, ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყოფილი ხელისუფლების 14 წარმომადგენლის 327 სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. "ხშირი და დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობის გამოყენება“ დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა. დოკუმენტზე ხელისმომწერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ამ ორ დოკუმენტში ჩამოთვლილი შენიშვნები, მათ შორის, პოლიტიკური ფიგურების წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით", - წერია დეკლარაციაში.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამინის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მონიტორინგის ჯგუფმა ანგარიში 9 დეკემბერს გამოაქვეყნა, რომელიც ასახავდა ყოფილი თანამდებობის პირების სასამართლო პროცესებზე დაფიქსირებულ დარღვევებს. მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის, აგრეთვე სამართლიანი სასამართლოს უფლებების სისტემური დარღვევები, მათ შორის იყო:

1. უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მხრიდან;
2. პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან პროკურატურის საქმიანობაში ჩარევის აღქმა;
3. წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენება და გაგრძელება;
4. სასამართლო განაჩენების დაუსაბუთებლობა;
5. პროცესების უსაფუძვლო, ზოგჯერ კი სავარაუდოდ პოლიტიკური მიზეზებით გაჭიანურება.

კომენტარები