კრიზისი უკრაინაში

ეშტონ კარტერი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების მომხრეა

www.defense.gov

უკრაინას დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ეწვევა. ჯონ კერი მოლაპარაკებას ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერთან გამართავს. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხი იქნება. ამერიკის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ თეთრ სახლში ამ თემაზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს.

ეშტონ კარტერმა, რომლის კანდიდატურა ბარაკ ობამამ თავდაცვის მდივნის პოსტზე წარადგინა, სენატში მოსმენის დროს განაცხადა, რომ პენტაგონი უკრაინას დახმარებას გაუზრდის და მისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდება არ არის გამორიცხული. „ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინელებს და საკუთარი თავის დაცვაში დავეხმაროთ“, - განაცხადა ეშტონ კარტერმა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ჯონ მაკკეინის შეკითხვის კომენტირებისას. კარტერის თქმით, იგი მხარს უჭერს მოსაზრებას უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების თაობაზე.

უკრაინული წყაროების ცნობით, ქალაქ დებალცევოს მიდამოებში უკრაინულმა არტილერიამ რუსეთის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალა და დიდი რაოდენობით ტექნიკა გაანადგურა. სეპარატისტები ამ რაიონში საკუთარ ძალებს აძლიერებენ და შესაძლოა, ახალი შეტევისთვის ემზადებიან.

ქალაქ დონეცკში კი, საავადმყოფოს შენობაში საარტილერიო ჭურვების მოხვედრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. სეპარატისტები დაბომბვაში უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებენ. 

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს. რადიო თავისუფლების  ცნობით, ახალი შეზღუდვები შესაძლოა რუსეთის 19 მოქალაქეს და 9 კომპანიას შეეხოს.

კომენტარები