ე.წ. კაბელების საქმე

ალასანია: მზად ვარ, დე ფაქტო პრემიერი ივანიშვილი საჯარო დებატებში გამოვიწვიო

ირაკლი ალასანიას თქმით, ფაქტი, რომ 10 თებერვალს კაბელების საქმეზე დანიშნული სასამართლო პროცესი გადაიდო, იმაზე მეტყველებს, რომ ეს საქმე დე ფაქტო პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთაა.

„ერთი მტკიცებულებაც ან სხვა მასალაც კი არ დაუმატებიათ პროკურორებს კაბელების საქმისთვის. აქამდე მეც არ ვარ დაკითხული. ეს პირდაპირ მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და ყველაფერი ორგანიზებული იყო არა მარტო მოქმედი პრემიერის, არამედ დე ფაქტო პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ. კარგად გვახსოვს, რომ ის თავად გამოვიდა და პრაქტიკულად საბრალდებო დასკვნა წაიკითხა დაკავებიდან მეორე დღესვე. მას შემდეგ არაფერი არ გაკეთებულა ბრალდების მხარეს და ხუთი უდანაშაულო ადამიანი ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში იმყოფება დღესაც. ეს არიან მისი პატიმრები, მისი პირადი ტყვეები“, - თქვა ალასანიამ გადაცემა არჩევანში.

ამ საკითხის განსახილველად ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.

„მე მზად ვარ საჯაროდ, ნებისმიერ ეთერში ან მისთვის სასურველ მოედანზე შევხვდე და გამოვიწვიო. თუკი შერჩა მას არგუმენტები და თავმოყვარეობა, მოვიდეს და ღია ეთერში დავსხდეთ, გავარჩიოთ და საზოგადოებას სიცხადე შევუტანოთ ამ საკითხებში“, - თქვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

კომენტარები