გიგი უგულავას საქმე

უგულავას საქმის განხილვა 15:00 საათისთვის გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 15:00 საათზე გაიმართება. სითი პარკისა და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებულ საქმეზე განხილვა 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მასთან ერთად ბრალდებული გიორგი ღონიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გადაიდო. მოსამართლის თქმით, ღონიაშვილმა განცხადებაში არ აღნიშნა, რომ მის გარეშე ჩატარებულიყო პროცესი. გიგი უგულავას თქმით კი, ღონიაშვილს არ განუმარტეს აღნიშნულის დაწერის საჭიროება და რაც უკარნახეს, მხოლოდ ის წერია განცხადებაში. სასამართლო სხდომა მას შემდეგ გაგრძელდება, რაც ადვოკატი სხდომის ჩატარებაზე გიორგი ღონიაშვილის თანხმობას წარადგენს.

დაკმაყოფილდება თუ არა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და გათავისუფლდება თუ არა დედაქალაქის ყოფილი მერი, დღეს გახდება ცნობილი.

გიგი უგულავას ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფის 20000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლება მოითხოვეს და შუამდგომლობაში აღნიშნეს, რომ პროკურატურას გადასცემენ გიგი უგულავას პირადობის მოწმობას და პასპორტს ქვეყნიდან გაუსვლელობის გარანტიისთვის. ასევე ადვოკატებმა შუამდგომლობაში კიდევ ერთხელ მიუთითეს, რომ უგულავასთვის ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული. 

ადვოკატმა ოთარ კახიძემ შუამდგომლობაში ისიც აღნიშნა, რომ მოსამართლე გოგინაშვილმა შაბლონური დოკუმენტი წარუდგინა დაცვის მხარეს, რომელიც ვრცელდებოდა უგულავასთან ერთად ბრალდებული ღონიაშვილის მიმართაც. კერძოდ, ადვოკატის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებაში, რომელიც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ეხება, იგივე ტექსტია, რაც ღონიაშვილის მიმართ გამოტანილ განჩინებაში.

ადვოკატების შუამდგომლობის შემდეგ პროკურატურამ საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გონივრული ვადა ითხოვა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიგი უგულავასა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო სხდომა დღეს ჩანიშნა. რაც შეეხება უგულავასთან ერთად ბრალდებულ ღონიაშვილს, მის მიმართ ადვოკატებს წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა არ დაუყენებიათ. 

კომენტარები