მარგველაშვილის ვიზიტი კიევში

კიევში ვიზიტისას გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია, რაზეც, მისი თქმით, თანხმობა მიიღო და პოროშენკო საქართველოს პირველი შესაძლებლობისთანავე ესტუმრება.

“ბუნებრივია მე ბატონი პრეზიდენტი დავპატიჟე საქართველოში, მაგრამ, იმის ბუნებრივი დათქმით, რომ ბატონი პოროშენკო ჩამოვა მაშინ, როდესაც იქნება ამის შესაძლებლობა და უფრო მეტი სიმშვიდე უკრაინაში. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ბატონ პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და კიდევ ერთხელ გავაღრმავოთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა. ბატონმა პრეზიდენტმა თქვა, რომ როგორც კი შესაძლებლობა იქნება, ისარგებლებს ამ შესაძლებლობით და ჩამოვა საქართველოში”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა შეაფასა უკრაინაში ქართული დელეგაციის ვიზიტიც და აღნიშნა, რომ საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო იმის გამოხატულება, რომ საქართველოს უკრაინისადმი მხარდაჭერა ზეპარტიულია.

“ქართული დელეგაცია, რომელიც შედგებოდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის, ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისგან, ანუ, ფაქტიურად, რაც შეიძლება იყოს წარმომადგენლობითი საქართველოდან, რომ გვეჩვენებინა, რომ ჩვენი მხარდაჭერა არის ზეპარტიული იყო ევროპის, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად კიევის ქუჩებში ხალხთან ერთად და მხარს უჭერდა უკრაინის თავისუფლებას, თავისუფალ არჩევანს, ამ არჩევნისთვის ბრძოლას და იმ ღირსებას, რასაც დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ერი ირჩევს თავისი სისხლის და თავისი პრონციპულობის ფასად”, - თქვა მარგველაშვილმა.

ქართული დელეგაცია კიევში ღირსების რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად ჩავიდა. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის თებერვალში უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.

კომენტარები