ზანიერის ვიზიტი საქართველოში

ზანიერი: ე.წ. შეთანხმებებს აქვთ პოტენციალი, გაართულონ ჟენევაში მიმდინარე დიალოგი

OSCE

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ეუთო გმობს რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ე.წ. შეთანხმებების გაფორმებას. მისი თქმით, ეუთო მუშაობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება, თუმცა, მისივე აზრით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენაა შესაძლებელი, რომ ეუთოს მისია სრულფასოვნად აღდგეს საქართველოში, ზანიერი ამბობს, რომ მუშაობა ამ საკითხზე მიმდინარეობს და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში ეუთო რეგიონში უფრო ძლიერად იქნება წარმოდგენილი.

"რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ეგრეთ წოდებულ შეთანხმებებს აქვთ პოტენციალი, რომ გაართულონ პოლიტიკური დიალოგი, რომელიც ჟენევაში მიმდინარეობს. ჟენევის ფორმატი არის სწორი ადგილი ამ საკითხებზე სამსჯელოდ და ეს საკითხები წამოიჭრება მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე მარტში. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ რუსეთის ნაბიჯების გამო, რადგან მათ შეუძლიათ რეგიონში უფრო მეტი არასტაბილურობის გამოწვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს შეშფოთებას საჯაროდ გამოვხატავთ, თუმცა, შეშფოთება საკმარისი არ არის, ჩვენ გვჭირდება მოქმედებაც და ამისთვის მოგვიწევს გამოვიყენოთ მექანიზმები, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია. პირველ რიგში, დიალოგის ყველანაირი შესაძლებლობა.

ეუთოს წარმომადგენლებს აქვთ ახლო კონტაქტი მოსკოვთან, თბილისთან, სოხუმთან და ცხინვალთან, რათა მოუწოდონ მხარეებს, რომ თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომელთაც შეუძლიათ რეგიონის დესტაბილიზაცია. ეუთო განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, როგორც დიალოგისთვის ერთადერთი ინკლუზიური პლატფორმის მხარდაჭერას, რომლის მიზანია 2008 წლის კონფლიქტის შედეგებზე მუშაობა. სამწუხაროდ, პროცესი ნელი და კომპლექსურია და დასანანია, რომ უკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე არ ყოფილა წინსვლა. თუმცა, არ არსებობს ალტერნატივა. ეს არის საუკეთესო პლატფორმა, რომელიც გვაქვს, რომ განვაგრძოთ ჩართულობა და ჩვენ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას.

იმისათვის, რომ ეუთომ გააძლიეროს თავისი როლი ჟენევის პროცესსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში, ჩვენ უნდა მოვნახოთ გზა, რომ აღვადგინოთ ადგილზე ეუთოს სადამკვირვებლო მისია. კონსულტაციები გაგრძელდება ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

ძალის გამოუყენებლობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მხარესთან, მათ შორის რუსეთთან. ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ ჟენევაში, ეს იქნება მნიშვნელოვანი და ეს გაგრძელდება მომავალშიც", - განაცხადა ზანიერიმ.

კომენტარები