ნეპოტიზმი

TI საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზების ინიციატივით გამოდის

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზების ინიციატივით გამოდის. TI-მ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი მოამზადა, რომელსაც დაემატება 332-ე პრიმა მუხლი - საჯარო სამსახურში კონკურსის წესის დარღვევა. მუხლი გულისხმობს იმ პირთა დასჯას, რომლებმაც კონკრეტული პირისთვის საჯარო სამსახურში მიღებისას უპირატესობის მინიჭების მიზნით, განზრახ დაარღვიეს კონკურსის წესები ან ამ პირს შერჩევის კრიტერიუმი განზრახ მოარგეს. კანონპროექტის მიხედვით, ნეპოტიზმში მხილებული პირი დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება მრავალჯერ ჩაიდინა საჯარო მოხელემ ან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა, ის დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო დიდი ხანია სწავლობს საჯარო სამსახურში თანამშრომელთა აყვანა-გათავისუფლების საკითხებს და იცავს უფლებაშელახულ საჯარო მოხელეებს. როგორც ჩვენი ორგანიზაციის მიერ საკითხის კვლევამ უჩვენა, საჯარო სამსახურში საკადრო პოლიტიკა ხშირად გამჭვირვალობის პრინციპების დარღვევით წარიმართება. დიდწილად, ამას სამართლებრივი ხვრელები და არასათანადო რეგულირება უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ნეპოტიზმს და პატრონაჟს ახალისებს. სწორედ ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია გამოდის საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზების წინადადებით.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ მოამზადა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი, რომელსაც დაემატება „მუხლი 3321 - საჯარო სამსახურში კონკურსის წესის დარღვევა. მუხლი გულისხმობს იმ პირთა დასჯას, რომლებმაც კონკრეტული პირისთვის საჯარო სამსახურში მიღებისას უპირატესობის მინიჭების მიზნით, განზრახ დაარღვია კონკურსის წესები ან ამ პირს შერჩევის კრიტერიუმი განზრახ მოარგო (მათ შორის არაგონივრული საკონკურსო მოთხოვნების ან შეფასების კრიტერიუმების დადგენით ან/და კონკურსის ჩაშლით სხვა კანდიდატებისთვის ხელის შესაშლელად). დანაშაულში მხილებული საჯარო მოხელე დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. იმ შემთხვევაში თუ იგივე ქმედება მრავალჯერ ჩაიდინა საჯარო მოხელემ ან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა, ის დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კანონპროექტი ასევე ახდენს იმ პირის მიერ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების კრიმინალიზაციას, რომლის სასარგებლოდაც დაირღვა კონკურსის პირობები, თუ მან ამის შესახებ იცოდა. თუმცა, თუ პირი ამ დანაშაულის შესახებ ნებაყოფლობით მიაწვდის ინფორმაციას საგამოძიებო ორგანოებს და ითანამშრომლებს მათთან, კანონპროექტის მიხედვით, ის გათავისუფლდება პასუხიმგებლობისაგან. მიგვაჩნია, რომ ასეთი მოწესრიგება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ნეპოტიზმთან დანაშაულის გახსნას", - აცხადებს TI.

კომენტარები