ნეპოტიზმი

ენმ: TI-ს ინიციატივა ნეპოტიზმის პრობლემას ვერ მოაგვარებს, მაგრამ მხარს დავუჭერთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზებას ეხება. ჭიაბერაშვილის თქმით, TI-ს მიერ წარდგენილ კანონპროექტს ენმ მხარს დაუჭერს, თუმცა, მხოლოდ ამ ტიპის კანონპროექტი პრობლემას ვერ მოაგვარებს.

“კანონპროექტს ჩვენ მხარს დავუჭერთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კანონპროექტი საქმეს ვერ გამოასწორებს. პრობლემა არის ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაში, არაფერი არ აკეთონ, თანამდებობებზე მხოლოდ საკუთარი ნათესავები, საკუთარი ახლობლები დანიშნონ და უზარმაზარი პრემიები აიღონ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ, მხოლოდ ასეთი კანონპროექტი მდგომარეობას ვერ გამოასწორებს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი მოამზადა, რომელსაც დაემატება 332-ე პრიმა მუხლი - საჯარო სამსახურში კონკურსის წესის დარღვევა. მუხლი გულისხმობს იმ პირთა დასჯას, რომლებმაც კონკრეტული პირისთვის საჯარო სამსახურში მიღებისას უპირატესობის მინიჭების მიზნით, განზრახ დაარღვიეს კონკურსის წესები ან ამ პირს შერჩევის კრიტერიუმი განზრახ მოარგეს. კანონპროექტის მიხედვით, ნეპოტიზმში მხილებული პირი დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება მრავალჯერ ჩაიდინა საჯარო მოხელემ ან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა, ის დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.

კომენტარები