ბორის ნემცოვის მკვლელობა

ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებული: აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მივეცი

AFP

ბორის ნემცოვის მკვლელობაში მთავარი ბრალდებული ზაურ დადაევი აცხადებს, რომ დანაშაული ზეწოლის შედეგად, საკუთარი სიცოცხლისა და მეგობრის გადასარჩენად აღიარა. ამის შესახებ მან უფლებადამცველებს განუცხადა, რომლებმაც იგი საპატიმროში მოინახულეს. რუსული მედიის ცნობით, დადაევმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მას მეგობრის დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. თავად მას კი ეჭვი ჰქონდა, რომ მოსკოვამდე ცოცხალი ვერ ჩააღწევდა და იგივე დაემართებოდა, რაც ბისლან შავანოვს, რომელმაც ოფიციალური ვერსით, თავი აიფეთქა. სულ მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით ხუთი ადამიანია დაკავებული.

ამავე დროს, რუსული ნოვაია გაზეტას ინფორმაციით, ნემცოვის მკვლელობის ნამდვილი ორგანიზატორის ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია, თუმცა ის არ დაუკავებიათ. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, საუბარია ვინმე რუსლანზე, რომლის ვინაობა სამართალდამცველებისთვის კარგად არის ცნობილი. ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კი რუსლანის გვარსაც ასახელებს - გერემეევი, რომელიც რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრის ძმისშვილი და გავლენიანი დეპუტატის ადამ დელიმხანოვის ახლო ნათესავია.

კომენტარები