გადამზიდავების საქმე

გადამზიდები: საფოსტო ბაზრის რეფორმას ეკონომიკის სამინისტრო აჭიანურებს

economy.ge

გადამზიდავი კომპანიების დირექტორებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და საფოსტო ბაზრის რეფორმის გაჭიანურების გამო ეკონომიკის სამინისტრო დაადანაშაულეს. მათი თქმით, რეფორმების გაჭიანურებამ გადამზიდ კომპანიებს პრობლემები შეუქმნა.

კომპანიების წარმომადგენლების თქმით, გაუგებარია, რატომ აფერხებს ეკონომიკის სამინისტრო საფოსტო ბაზრის რეფორმირების პროცესს, მაშინ როდესაც ეს ევროკომისიის რეკომენდაციაცაა.

TNT-ის დირექტორის, ნინო მენთეშაშვილის თქმით, კომპანიები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან და ეს მათ გარდა, ზოგადად ბიზნესგარემოზეც უარყოფითად აისახება. DHL-ის რეგიონული დირექტორისთვის გაუგებარია, თუ რატომ ხდება ამ დრომდე პროცესის გაჭიანურება. ზურაბ საპანაძის თქმით, არსებობს ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც მათ ეკონომიკის სამინისტროს მიაწოდეს, თუმცა კანონპროექტის განხილვას რეაგირება არ მოჰყოლია.

Star Group-ის გენერალური დირექტორის თქმით, ფინანსთა სამინისტრომ ხელი შეუწყო გადაზიდვების ბაზარზე საქართველოს ფოსტის მონოპოლიას. თეა მაჭავარიანის თქმით, ამ საქმეზე კომპანია Star Group-ს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და მილიონნახევრიანი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გადამზიდავი კომპანიები საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან აღარ ითანამშრომლებენ. DHL-ის, TNT-ის და Star Group-ის წარმომადგენლების თქმით, ისინი მუშაობას დამოუკიდებლად გააგრძელებენ. TNT-ის დირექტორის თქმით, საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ გადამზიდ კომპანიებს გაურკვეველი მიზეზით უთხრა დაცვაზე უარი.

ნინო მენთეშაშვილის ბრალდებას გამოეხმაურა საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს პროექტების მართვის მენეჯერი. ლევან ნატროშვილის თქმით, მათ კომპანიების დაცვაზე უარი არ უთქვამთ. ნატროშვილის თქმით, DHL-ის, TNT-ისა და Star Group-ის წარმომადგენლებმა დამოუკიდებელი ადვოკატი აიყვანეს და სწორედ ამიტომ ისინი საკუთარ როლს ამ საქმეში ვეღარ ხედავდნენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ზემოთ ნახსენები კომპანიების ინტერესებს სასამართლოში იცავდა, როდესაც მათ დავა ფინანსთა სამინისტროსთან ჰქონდათ.

კომენტარები