კრიმინალი

საია: პოლიციის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტები გამოსაძიებელია

პროკურატურას მოვუწოდებთ, უზრუნველყოს პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტების დროული და ეფექტური გამოძიება, - ამის შესახებ საია-ს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში წერია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ოცამდე პირმა მიმართა, რომლებიც პოლიციელთა მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ უკანონო და ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობენ. რიგ შემთხვევებში საუბარია ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, რიგ შემთხვევებში კი ნარკოტიკების ან იარაღის ჩადებაზე.

„ისინი აცხადებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ზოგიერთი მათგანი ასევე საუბრობს პოლიციის მხრიდან ნარკოტიკული ნივთიერებების და იარაღის ჩადების ფაქტზე. ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს ინფორმაცია მიეწოდათ გენერალური ინსპექციას და/ან პროკურატურას, საქმეთა უმეტეს ნაწილზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა აღნიშნულ პირთა უმრავლესობას დღემდე არ აქვს საქმეში დაზარალებულის სტატუსი და არ მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ; ამ პირთა ნაწილი სხვადასხვა ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება“, - წერია განცხადებაში.

საია-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებზე პოლიციელთა მიმართ მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისგმგებლობის ზომა, სხვა შემთხვევებში მათი დისციპლინური თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ამ დროისათვის არ დამდგარა.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შესაძლო დამნაშავე პირების დაკავებისას პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც ეს მკაცრად აუცილებელია აღნიშნული პირების ქმედების გამო. ასეთ შემთხევაშიც პოლიციას უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ არსებული საფრთხის/წინააღმდეგობის პროპორციული ფიზიკური ძალა. ყველა სხვა შემთხვევაში ძალის გამოყენება წარმოადგენს კანონის დარღვევას, ასევე კანონის დარღვევას წარმოადგენს იარაღისა თუ ნარკოტიკის ჩადების ფაქტები, რაზეც მოქალაქეები საუბრობენ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.  

საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ყველა შესაძლო კანონიერი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული პოლიციელთა მხრიდან კანონდარღვევის ფაქტები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა პატივისცემას და აკნინებს პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობას; საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, უზრუნველყოს პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტების დროული და ეფექტური გამოძიება.

„საიასათვის მიწოდებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, პროკურატურა ვალდებულია, ყველა აღნიშნულ შემთხვევაზე აწარმოოს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, ამ პროცესში ურუნველყოს დაზარალებულთა ჩართულობა და პერიოდული ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ხოლო დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა“, - წერია განცხადებაში.

კომენტარები