რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

მოგერინი: ე.წ. შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფაა

telegraph.co.uk

რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

"18 მარტს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონს - სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმების გაფორმება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ამას გარდა, დოკუმენტის ხელმოწერა ჟენევის 31-ე რაუნდის დღეს ქმნის პირობებს, რომელიც ხელს უშლის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებისთვის კონსტრუქციული გარემოს შექმნას. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებთან - სამხრეთ ოსეთთან, ასევე აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმებები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას და იმ ვალდებულებებს, რაც რუსეთმა საერთაშორისო დონეზე აიღო, მათ შორის - 2008 წლის 12 აგვისტოს და 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმებებს. ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილეებს, გააგრძელონ პროგრესისთვის მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას", - განაცხადა მოგერინიმ.

კომენტარები