ზუგდიდის ინციდენტი

კუბლაშვილი: პრემიერის არაადეკვატურობა ამ ქვეყანაში უკვე არავის აღარ უკვირს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის პავლე კუბლაშვილის მოსაზრებით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის არაადეკვატურობა ამ ქვეყანაში აღარავის უკვირს. კუბლაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ღარიბაშვილმა ზუგდიდში განვითარებული მოვლენები ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ პროვოკაციად შეაფასა.

"პრემიერის არაადეკვატურობა ამ ქვეყანაში უკვე არავის აღარ უკვირს. მისი ბოლო განცხადებაც სწორედ ასე შეიძლება, შეფასდეს. ყველამ ძალიან კარგად ნახა, თუ როგორ მიუვარდნენ ოფისში მათი პარტიის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, გუბერნატორების მოადგილე, გამგებლის მოადგილე, მათი წარმომადგენლები, მივარდნენ ოფისში და ადგილი ჰქონდა სწორედ მათი მხრიდან ძალადობას. პრემიერის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსგავსი ქმედებები მისი მხრიდან მხოლოდ წახალისებულია და ის არ აპირებს არავის დასჯას", - თქვა კუბლაშვილმა.

პრემიერმა დღევანდელ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი ზონის წარმომადგენლები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტების გამოყენებაში დადანაშაულა.

ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში 15 მარტს დაახლოებით 50 ადამიანი შეიჭრა. მათ შორის საკრებულოს წევრებიც იყვნენ. ისინი ქვებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. პარტიის ოფისის შემდეგ მათ "მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრში" გადაინაცვლეს. შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი დაშავდა.

კომენტარები