IRI-ის კვლევა

ბესელია IRI-ის კვლევაზე: სუბიექტური აღქმა არ არის რეალობის დამადასტურებული

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, ის არ აპირებს IRI-ის კვლევაზე საუბარს. როგორც მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში აღნიშნა, გამოკითხულთა სუბიექტური აღქმა არ არის რეალობის დამადასტურებელი. გადაცემის წამყვანმა მას შეახსენა, რომ კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობა კრიმინოგენურ მდგომარეობას გაუარესებულად მიიჩნევს.

"მე არ ვაპირებ, რომ ამაზე ვისაუბრო და ჩემი დროის ნაწილი მინდა, უფრო მნიშვნელოვან საკითხებს დავუთმო. თუ ვინმეს აინტერესებს, როგორია ვითარება, არსებობს სტატისტიკური მონაცემები. სუბიექტური აღქმით, ვის, რა, როგორ შეიძლება მოეჩვენოს და ჩათვალოს, ან იკლო ან სიმცირეა ამ თვალსაზრისით, ეს არ არის ხომ რეალობის მადასტურებული? თუ ვსაუბრობთ კონკრეტულ მონაცემებზე, არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, შეგვიძლია, ვნახოთ და ამ სტატისტიკით ვხედავთ, რომ დანაშაულებრივი თვალსაზრისით ანუ კრიმინალური ვითარების თვალსაზრისით, დანაშაულთა რაოდენობა ზრდის თვალსაზრისით ჩვენ არ გვაქვს და ტენდენცია არის დადებითი იმ კუთხით, რომ გახსნის მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი. ეს მონაცემები ოფიციალურად ვრცელდება და ყველას შეუძლია ნახოს გამოცხადებულ საიტებზე" - განაცხადა ბესელიამ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, "თქვენ ხომ არ გინდათ იმის თქმა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობს ხალხი და როგორ აღიქვამს ის არსებულ სიტუაციას", ბესელია პასუხობს, რომ მას ეს არ უთქვამს.

"მე ვთქვი, რომ აღქმის მიხედვით არ ხდება განსაზღვრა, იმატა თუ იკლო დანაშაულმა. ეს ხდება ოფიციალური გაზომვით და ციფრებით. აღქმის თვალსაზრისით, თუ თქვენ გინდათ, რომ ამ განწყობით და ამ სივრცეში ამყოფოთ საქართველოს მოსახლეობა, სულ ნეგატივზე ელაპარაკოთ, სულ აპოკალიფსური სურათები დახატოთ, სულ უთხრათ, რომ საშინელებაა, რაც ხდება. თუ მუდმივად უნდა აჩვენოთ ყველა უარყოფითი მოვლენა, რაც კი ხდება. თუ ამ განწყობას ადამიანებს შეუქმნით, არსებობს უზნაძის განწყობის თეორია, ყველას აქვს ალბათ წაკითხული და ძალიან მარტივია დასკვნის გაკეთება, ასეთ დროს ადამიანი რას გრძნობს. პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიეროს ყველამ თავისი წილი" - თქვა ბესელიამ და გადაცემის წამყვანის კითხვაზე - "ანუ თქვენ მედიას ადანაშაულებთ?", აღნიშნა, რომ "მედიას კი არ ვადანაშაულებ, მედიის როლს გამოვკვეთ როგორც მნიშვნელოვანს და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ განწყობას ქმნი".

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა.

კვლევაში მონაწილეთა 11% ფიქრობს, რომ პირიქით, გაუმჯობესდა. ხოლო რესპონდენტთა 25%-სთვის ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა იგივე დარჩა.

კომენტარები