განზრახ მკვლელობა

ხარძიანის და: ეს მკვლელობა შეკვეთილია, კვალი მიდის მხოლოდ ერთი მკვლელისკენ

pia.ge

ნათესავები თვლიან, რომ ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანის მკვლელობა შეკვეთილი იყო და დამნაშავე მხოლოდ ერთი ადამიანი შეიძლება იყოს, რომლის ვინაობასაც ისინი ასახელებენ. ოჯახის წევრები მომხდარს იმ სასამართლო პროცესებს უკავშირებენ, რომლებიც ბესიკ ხარძიანის ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. მოკლულის დის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი ხარძიანის ბიზნეს პარტნიორია.

“რა თქმა უნდა, კვალი მიდის მხოლოდ ერთი მკვლელისკენ, რომელიც მაშინაც კლავდა ციხეში ჩემს ძმას და გარეთაც ანალოგიური ჩაატარა. მე ვთხოვ მთავრობას, მაქსიმალურად მოახდინონ გამოძიება. ეს ეხებოდა მის ქონებას. ფაქტიურად ეს იყო მისი პარტნიორი, რომელმაც ეს ყველაფერი მოახდინა. ეს არის გიორგი უდესიანი. თუ ეს ასე არ არის, მან მაქსიმალურად გააკეთოს ის, რომ მოიძიოს მკვლელი ვინც არის და აგვიხსნას, რატომ ესროლეს. ეს მკვლელობა არის შეკვეთილი”, - თქვა ბესიკ ხარძიანის დამ, მაია ხარძიანმა, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხარძიანის დის მოსაზრებას იზიარებს მისი მეგობარიც, რომელიც ამბობს, რომ სავარაუდო მკვლელი მრავალპროფილიანი სისხლის სამართლის დამნაშავეა.

“დარწმუნებულები ვართ რომ ეს მკვლელობა უკავშირდება მის ერთადერთ მტერს, ბატონ უდესიანს, რომელიც ახლა იმყოფება საზღვარგარეთ. ჯერჯერობით ამ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ისიც კი, რომ ის დაესვა წითელ ცირკულარზე, აღეძრა სისხლის სამართლის საქმე. მოვითხოვთ, რომ გიორგი უდესიანი, რომელიც არის მრავალპროფილიანი სისხლის სამართლის დამნაშავე, იყოს დაკავებული და ჩამოყვანილი საქართველოში”, - აღნიშნა ხარძიანის მეგობარმა, ირაკლი კორძაიამ.

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან, თავს ჯერჯერობით უცნობი პირი დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მათ შორის თავის არეში.

თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელი დანაშაულის ადგილიდან მოტოციკლეტით მიიმალა.

დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. საავადმყოფოს პრესსამსახურის ცნობით, ხარძიანი საოპერაციოში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

გამოძიება პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. თუმცა, მომხდარის შემდეგ, საქმე, სავარაუდოდ, გადაკვალიფიცირდება.

კომენტარები