არაფორმალური მმართველობა

ლარი დაიმონდი: არაფორმალური მართვა დემოკრატიას გამორიცხავს

ტაბულა

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის და დემოკრატიის მკვლევრის ლარი დაიმონდის შეფასებით, "თუ ყველაზე გავლენიანი პირი ქვეყანაში დემოკრატიულად ანგარიშვალდებული არ არის, ეს არის დემოკრატიის მთავარი პრინციპის ძალიან ფუნდამენტური დარღვევა". ამის შესახებ დაიმონდმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა. გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ გავლენას ახდენს არაფორმალური ტიპის მმართველობა ქვეყნის განვითარებაზე. წამყვანმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანას არაფორმალური ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მართავს. დაიმონდის შეფასებით, ამ სიტუაციაში დემოკრატიაზე საუბარი შეუძლებელია.

"დემოკრატიის არსის გადმოსაცემად ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ანგარიშვალდებულებაა, ანგარიშვალდებულება რამდენიმე გაგებით. პირველ რიგში უნდა არსებობდეს ხელისუფლების პოლიტიკური ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე გარკვეული ინტერვალებით - არჩევნებზე. ამას გარდა, უნდა არსებობდეს ანგარიშვალდებულება საჯარო რესურსის გამოყენებასთან, პოლიტიკური ფულის მიმოქცევასთან, ფულის და გადაწყვეტილების მიღების პროცესის, ფულის და პოლიტიკური გავლენის ურთიერთკავშირთან მიმართებით", - აცხადებს დაიმონდი და აღნიშნავს, რომ პირველ შემთხვევაში - როდესაც საქმე პირდაპირ პოლიტიკურ ანგარიშვალდებულებას ეხება, "არ შეიძლება შექმნა სიტუაცია, სადაც ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პერსონა პოლიტიკურ თანამდებობაზე კი არ არის, არამედ სადღაც კულისებშია და იქიდან აფინანსებს და ახდენს გავლენას იმ ადამიანებზე, ვისაც პოლიტიკური თანამდებობები უჭირავთ".

"შეუძლებელია ამ სიტუაციაში დემოკრატიაზე საუბარი. იმდენად, რამდენადაც ამ სიტუაციაში ძალაუფლების წყარო დემოკრატიულად ანგარიშვალდებული არ არის. მე ვიცი, ძალიან ბევრ ადამიანი საქართველოში ფიქრობს, რომ სიტუაცია სწორედ ასეთია, თქვენც აღნიშნეთ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობაც ასე თვლის. იმის სათქმელად, რომ რასაც ეს ხალხი ფიქრობს, მართლაც ასეა, თავად უკეთ უნდა შევისწავლო საქართველოს შემთხვევა, - მაგრამ, თუ ეს ასეა და ყველაზე გავლენიანი პირი ქვეყანაში დემოკრატიულად ანგარიშვალდებული არ არის, ეს არის დემოკრატიის მთავარი პრინციპის ძალიან ფუნდამენტური დარღვევა. ეს პრინციპი გულისხმობს იმას, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, ის პოლიტიკურად ანგარიშვალდებული უნდა იყოს", - განაცხადა დაიმონდმა და დაამატა, რომ ხარისხიანი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი პრინციპი არის პოლიტიკური პროცესების დაფინანსების გამჭვირვალობაც.

"იქნება ეს კამპანიის დაფინანსება, თუ იმ პირების ფინანსები, რომელთაც საჯარო თანამდებობები უჭირავთ - ბიუროკრატიული იქნება, თუ პოლიტიკური. მე გადაჭრით ვერ ვიტყვი, მაგრამ არაერთი ქართველი ფიქრობს, რომ მდიდარი ადამიანი პერსონალურად აფინანსებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს. თუ ეს მართლაც ასეა, მე ვიტყოდი, რომ კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას ძალიან დიდი პრობლემა აქვს", - თქვა დაიმონდმა თეორემაში.

კომენტარები