მსოფლიო აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

დღეს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

საქართველოში ზუსტი სტატისტიკა აუტისტი ბავშვების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით კი, ყოველ 88 ბავშვში ერთი აუტისტია.

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 72-ე საჯარო სკოლის ინტეგრირებულ კლასს ესტუმრა. მინისტრის ცნობით, 72-ე სკოლა თბილისში ერთ-ერთია იმ სამ სკოლას შორის, სადაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასი ფუნქციონირებს. მინისტრმა ინტეგრირებული კლასის მოსწავლეებს საჩუქრად განმავითარებელი სათამაშოები გადასცა. 

როგორც სკოლის დირექტორმა აღნიშნა, ინტეგრირებული კლასის მოსწავლეები საკმაოდ მალე ხდებიან კონტაქტურნი და სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის ხარისხი გაზრდილია. კლასში სულ 5 აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლე სწავლობს. 

განათლებისა და მეცნიერების სამინსტრო ინტეგრირებული კლასების მხარდამჭერ პროგრამას 2013 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში თბილისში სამი და თელავში ერთი ინტეგრირებული კლასი გაიხსნა. 

კომენტარები