საჰაერო თავდაცვა

პრემიერი: ალასანიას განცხადება არის ტყუილი და სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას დღევანდელ განცხადებებს ტყუილს და სპეკულაციას უწოდებს.

"ეს არის ტყუილი და ძალიან ვწუხვარ, რომ სახელმწიფოებრივი საკითხებით ხდება სპეკულირება, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ ვნერგავთ საერთაშორისო სტანდარტებს. რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კორუფციული ბრალდების მუხლი წაუყენეს და მისცეს პასუხისგებაში. ჩვენს მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ არავის დავაყენებთ კანონზე მაღლა. არცერთი ადამიანი არ უნდა იყოს პრივილეგირებული - პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, მინისტრი, სამინისტროს თანამშრომელი, ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი და მიდგომა", - თქვა პრემიერმინისტრმა.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავდაცვითი საჰაერო შესაძლებლობების შეძენაზე საქართველოს უარი ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ათქმევინეს. როგორც ალასანიამ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები მოითხოვს დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის, რა პირობებში, როგორ დაიდო საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმი საფრანგეთთან და "რა დააკლდა ჩვენს ქვეყანას იმით, რომ ექვსი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ, შეთანხმება არ არის გაფორმებული". თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმითვე, 2014 წლის 28 ოქტომბერს ხელმოწერილი მემორანდუმის შემდეგ შეთანხმების გაფორმებით, ყველა სახის მოიერიშე თვითმფრინავი, ბომბდამშენი, ვერტმფრენი საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლას ვეღარ შეძლებდა და საქართველო სრულ კონტროლს აიღებდა ქვეყნის საჰაერო სუვერენიტეტზე. მანვე აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი სწორედ იმიტომ დააკავეს, რომ ირაკლი ალასანიას მემორანდუმის ხელმოწერაზე უარი ეთქვა.

კომენტარები