პოლიციელის მკვლელობა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ადგილზე იმყოფებიან კრიმინალისტიკური სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და შეიარაღებული სპეცრაზმელები. შსს-სთან ასევე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ბრიგადა.

კახეთის გზატკეცილის გარდა გადაკეტილია მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და მოქალაქეებს არ უშვებენ სამინისტროს მახლობლად არსებული საცხოვრებელი უბნის ტერიტორიაზე.

სამართალდამცველები გუშინ პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვარკეთილში უცნობმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა რის შედეგადაც ერთ-ერთი პოლიციელი გარდაიცვალა.

"შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები