კრიმინალი

ჭაია: დათრგუნული პოლიციელების მიმართ კრიმინალი უფრო სასტიკი გახდება

ტაბულა

2015 წლის 5 აპრილს თბილისში პოლიციელი ბექა მარგიშვილი მოკლეს - 2012 წლის შემდეგ ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა როცა ყოფილ ან მოქმედ პოლიციელს კლავენ. 2015 წლის 6 აპრილამდე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სულ 16 პოლიციელი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობათა დიდი ნაწილი ცხელ კვალზე გახსნა, მაგრამ მათ შორის იყო საქმეები, სადაც სწორედ სამართალდამცავი უწყების მაღალჩინოსნებს ადანაშაულებდნენ მკვლელობაში ბრალდებულთა მფარველობაში. ყველაზე გახმაურებული ბათუმში თარაშ მუკბანიანის მკვლელელობა აღმოჩნდა - მაშინ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად გამომძიებელი ჟურნალისტებიც ამბობდნენ, რომ პოლიციელის მკვლელმა გავლენიანი მფარველების, მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტის წყალობით საქართველო-თურქეთის საზღვრის გადალახვა მოახერხა თუმცა მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული საბოლოოდ მაინც დააკავეს.

სამართალდამცავთა დაცვის ლიგაში მიიჩნევენ, რომ ყოფილ პოლიციელთა მიმართ აგრესია და მოქმედი პოლიციელების მკვლელობები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის არასწორი პოლიტიკის ბრალია. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანის ზაზა ჭაიას თქმით, 2012 წლამდე პოლიციელთა მკვლელობა მინიმუმადე იყო დაყვანილი, რადგან სახელმწიფო მსგავს შემთხვევაში მკაცრი იყო.

" როდესაც 2007 წელს, ლესელიძის ქუჩაზე ყაჩაღური თავდასხმისას პატრულის თანამშრომელი მოკლეს, მაშინ მთელი სამინისტრო ფეხზე იდგა. გამოძიებამ 15-ამდე ადამიანი დააკავა -არამარტო მკვლელები, არამედ ადამიანები რომლებმაც დანაშაული დაფარეს, ვინც შეუტყობინებლობა და განუცხადებლობა ჩაიდინეს, ვინც უშუალოდ ამ პირებს მალავდა. ამიტომ ვერ ბედავდნენ პოლიციელებზე ხელის აღმართვას. სამწუხაროდ, ახლა ასე აღარაა" , - ამბობს ჭაია.

მკვლელობაში ბრალდებულთა გამოვლენისა და დასჯის არასწორი პოლიტიკის გარდა ყოფილი სამართალდამცავები პოლიციელების მოტივაციის შემცირებასაც უსვამენ ხაზს - ჭაიას ქუთაისში დაკავებული სამართალდამცავის ლაშა ჩიხვაშვილის შემთხვევაც მოჰყავს. ჯიხვაშვილმა დევნის ოპერაციისას სავარაუდო დამნაშავის მანქანას ესროლა. ჯიხვაშვილი ახლაც წინასწარ პატიმრობაშია, მის წინააღმდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.

ჭაიას აზრით, დათრგუნული პოლიციელების მიმართ კრიმინალის უფრო სასტიკი გახდება და მკვლელობები შეიძლება გახშირდეს კიდეც.

კომენტარები