ათონელის რეზიდენცია

კობახიძე: პრეზიდენტის ფუნქციებს ავლაბრის რეზიდენცია არ შეესაბამება

ტაბულა

"პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს სააკაშვილის რეზიდენციიდან და შევიდეს ათონელის რეზიდენციაში", - ეს განცხადება ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა არჩევანში გააკეთა.

კობახიძის თქმით, ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს უფლებამოსილება შეეზღუდა და შენობა, რომელშიც ის ამჟამად იმყოფება, მისთვის შეუფერებელია. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოების ნაწილში გავრცელებული მოსაზრება, რომ პრეზიდენტი იჩაგრება, რეალობას არ შეესაბამება.

"მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომელიც იყო უწყინარი და ითვალისწინებდა იმას, რომ სააკაშვილის რეზიდენციიდან პრეზიდენტი უნდა გამოსულიყო და ათონელზე გადასულიყო. თუმცა, ამას, სამწუხაროდ, არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა როგორც პრეზიდენტის მხრიდან, ასევე მედიისგან და პოლიტიკოსებისაგან. აქ არ არის საუბარი იძულებაზე, არავითარ შემთხვევაში არ არის საუბარი პრეზიდენტის დაჩაგვრაზე, რაზეც სრულიად შეგნებულად ხდება აპელირება, ხშირად იყენებენ ამ ტერმინს, სინამდვილეში ეს თითიდან გამოწოვილი თემაა.

კონსტიტუცია ყველამ გულდასმით უნდა წავიკითხოთ. როდესაც ეს რეზიდენცია აშენდა მიხეილ სააკშვილისთვის, მაშინ ქვეყანაში იყო სუპერ საპრეზიდენტო სისტემა. 2013 წლის შემდეგ ქვეყანაში თვისებრივად საპარლამენტო მმართველობააა. პრეზიდენტის სასახლე მის ახალ სტატუსსა და ფუნქციებს არ შეესაბამება. ამიტომაა საჭირო, რომ გიორგი მარგველაშვილმა შენობა დატოვოს და ათონელზე გადავიდეს. მე მიჩნდება ეჭვი, რომ პრეზიდენტმა 9-წლიან პროცესებზე მოსაზრება შეიცვალა", - განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები