პუტინის მხარდამჭერი ბაიკერები

პუტინის მხარდამჭერ ბაიკერებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს

AFP

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ ბაიკერებს, ღამის მგლებს, გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს, კლუბის რამდენიმე წევრს ვიზა გაუუქმეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ.

სამინისტროების განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიკერების გერმანიაში შესვლა ქვეყნის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის შესაძლოა პოტენციური საფრთხის შემცველი ყოფილიყო. ოფიციალური პირების თქმით, ასეთი ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, მათ სრული უფლება აქვთ, საშიშროების თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების ზომები მიიღონ.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბაიკერების მოტოგარბენი რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების გაძლიერებას არ ემსახურება. ამას გარდა, მათ დოკუმენტებში მონაცემები არასწორად ჰქონდათ მითითებული.

შეგახსენებთ, რომ ბაიკერებს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლაზე უარი პოლონეთმაც უთხრა, რამაც ოფიციალური რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია.

"მოტოგარბენი პოლონეთის გავლით ტანკებით უნდა მოვაწყოთ,"– ასე გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ვარშავას გადაწყვეტილებას, პუტინის ფავორიტი ბაიკერებისთვის საკუთარ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვაზე.

ბაიკერთა მოტოგარბენი დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლის იუბილეს უკავშირდება. მათი მოტომარათონი 25 აპრილს დაიწყო.

2014 წლის დეკემბერში ყირიმის ანექსიაში შეტანილი წვლილისათვის აშშ-მა ღამის მგლების ლიდერი, ალექსანდრ ზალდასტანოვი და კლუბი სანქციების შავ სიაში შეიყვანა. 

ღამის მგლები ვლადიმირ პუტინის დიდი მხარდაჭერითა და მფარველობით სარგებლობენ. პუტინს რუსი ბაიკერების არაერთ მოტორბოლებში მიუღია მონაწილეობა. მარტში პუტინმა ზალდასტანოვს ღირსების ორდენი გადასცა.

კომენტარები