სამთავრობო ცვლილებები

დღეს, პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი

დღეს, 13:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიხსნება. დღის წესრიგის მთავარი თემა მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხია. რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტმა გუშინ მოიწვია.

დღევანდელ სხდომაზე მთავრობის ახალი შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის ნდობის გამოცხადების საკითხამდე, პარლამენტი ორი დეპუტატის - თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

ამავე სხდომაზე განიხილავენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კანონპროექტს. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ამ კანონის დაჩქარებით მიღება მთავრობის თხოვნაა.

ამასთან, გუშინ პარლამენტში უკვე მოუსმინეს მინისტრობის კანდიდატებს. 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნდობის მისაღებად საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს ორი დღის წინ წარუდგინა.

განახლებული სიით, იცვლება მხოლოდ სამი მინისტრი - გარემოს დაცვის, თავდაცვის და სპორტისა და ახალგაზრდობის უწყებების ხელმძღვანელები. ამ პოსტებზე შესაბამისად გიგლა აგულაშვილი, თინა ხიდაშელი და ტარიელ ხეჩიკაშვილი არიან წარდგენილი.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს 1 მაისს გადაუგზავნა, თუმცა, მაშინ გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა და ხელმოწერა გადადო. მისი მოსაზრებით, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაბალანსებული გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში უნდა მიეღო.

კომენტარები