საქართველოს ეროვნული ბანკი

ქადაგიძე: ვერავინ გვაიძულებს სავალუტო რეზერვების განიავებას და გაფლანგვას

გიორგი ქადაგიძე
საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ვალუტა დღეს დოლართან მიმართებით კიდევ გაუფასურდა. ხვალ ერთი აშშ დოლარი ორი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი ეღირება. ლარის გაუფასურების ფონზე პარლამენტში ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზების შემსწავლელი კომისიის შექმნაზე მიდის მსჯელობა. ფინანსთა მინისტრის თქმით, გაუფასურებაში დამნაშავე ეროვნული ბანკია, რადგანაც სწორედ ეროვნული ბანკი წარმოადგენს ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით კი, ლარის გაუფასურების მიზეზი სავალუტო შემოდინებების შემცირებაა. ქადაგიძემ ლარის გაუფასურების შემსწავლელი კომისიის შექმნაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მოთხოვნების მიუხედავად სავალუტო რეზერვებს არ გაყიდის.

"ლარის გაცვლითი კურსი ასახავს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს, თუ ქვეყანაში შემოდის მეტი უცხოური ვალუტა, კურსს აქვს გამყარების მიმართულება. თუ შემოდის ნაკლები, აქვს გაუფასურების მიმართულება. ეს არის ეკონომიკის ანბანური ჭეშმარიტება... ყველასთვის ცხადია, რომ ლარის გაუფასურების მიზეზების შემსწავლელი კომისიის შექმნა არის ზეწოლა ეროვნულ ბანკზე, დახარჯოს სავალუტო რეზერვი, მე გავუმარტივებ ამოცანას ამ იდეის ავტორებს და ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სავალუტო რეზერვების განიავებას და გაფლანგვას. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. ის, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია და ხშირ შემთხვევაში დამღუპველი, მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში არაერთხელ დადასტურებულა. სავალუტო რეზერვი არ არის ჩემი და ეროვნული ბანკის საკუთრება, ჩვენი ქვეყნის სავალუტო რეზერვი არის თითოეული ჩვენი მოქალაქის, ჩვენი შვილების მატერიალური დოვლათი, ეს არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას არაფერი არ ემუქრება. ეს არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში 90-იანი წლები აღარ გამეორდება არასდროს. ამიტომ, ვერანაირი საგამოძიებო კომისია და ვერანაირი ზეწოლა, ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ გვაიძულებს, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ამ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. რეზერვების ხარჯვა არსებულ გამოწვევებზე არ არის პრობლემის გადაჭრის გზა. ამ პრობლემის გადაჭრის გზა არის სხვაგან და ამაზეც და სხვა ყველა დეტალზეც მექნება აუცილებლად საუბარი წლიური ანგარიშის წარდგენის დროს პარლამენტში", - განაცხადა ქადაგიძემ.

იმავეს აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი აზიმ სადიკოვი. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონე უნდა გააკონტროლოს. სადიკოვის განმარტებითაც, ვალუტის მცურავი კურსი ნიშნავს იმას, რომ სავალუტო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებები ვალუტაზე უნდა აისახოს, ამ პროცესში ჩარევა კი, ძვირადღირებულია.

"ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში წერია, რომ ბანკის მთავარი მოვალეობა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ვალუტის გაუფასურება მის კურსზე აისახება და მისი ხელოვნურად დაჭერა საკმაოდ ძვირადღირებულია. საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მაღალი დოლარიზაცია წარმოადგენს", - თქვა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს ასევე განაცხადა, რომ აპრილში იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. 

"შემიძლია, დადებითი მონაცემები გითხრათ, კურსზე გავლენის თვალსაზრისით. ეს არის აპრილის თვის წინასწარი მაჩვენებელი იმპორტის, რომელიც როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უკვე არსებულმა გაუფასურებამ გავლენა მოახდინა იმპორტის შემცირებაზე და, შესაბამისად, საგადამხდელო ბალანსის კორექტირება დაწყებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა თანაბარ პირობებში კურსზე გაუფასურების მხრიდან ზეწოლას ადგილი არ უნდა ჰქონდეს საშუალოვადიან პერიოდში. მოკლევადიან პერიოდში კი, რა თქმა უნდა, მერყეობა ყოველთვის იყო და იქნება ორივე მიმართულებით", - თქვა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის დღევანდელი შეხვედრა სავალუტო ფონდის რეიტინგში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას უკავშირდება. სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, ეროვნული ბანკი და მთლიანად ქართული საფინანსო სისტემა გამართულად მუშაობს და ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სფეროს წარმოადგენს.

"საქართველომ ფინანსური ბაზრის ზედამხედველობასა და მონიტორინგში გასული წლების მანძილზე შესანიშნავ პროგრესს მიაღწია. ეროვნულ ბანკს აქვს შემუშავებული ყველაზე თანამედროვე ტიპის რეგულირების სისტემა, რომელიც ყველაზე განვითარებული ქვეყნებისთვისაც შეიძლება კარგ მაგალითად იქცეს", - განაცხადა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა აზიმ სადიკოვმა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურება ტურიზმის, ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის შემცირებამ გამოიწვია.

კომენტარები