წამების კადრები

ენმ: მოსწავლეების ფილმის ჩვენებაზე მიყვანის პროცესს ფოთის მერი ხელმძღვანელობდა

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნიდან ჩანს, რომ ფოთში სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ენმ-ის შესახებ ფილმზე მიყვანის პროცესს პირადად ხელმძღვანელობდნენ ქალაქის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია. რატიანის თქმით, სწორედ მათ დაავალეს ქალაქის რესურსცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფილმზე მიყვანის ორგანიზება. დეპუტატის თქმით, პროცესში ასევე მონაწილეობდა განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი დავით შეროზია.

"თუ ჩვენ გვაქვს ოდნავი პრეტენზია მაინც, რომ წარმოვადგენთ თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფოს, ქალაქ ფოთის ამჟამინდელი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ. მე ვისურვებდი, ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასგან მომესმინა, რომელსაც, როგორც ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

საზოგადოებას ახსოვს, რომ სიძულვილისა და ძალადობის წახალისების კამპანიაში მოსწავლეების მონაწილეობა სამეგრელოს რამდენიმე ქალაქში იყო ორგანიზებული. შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ პროცესების მართვა და სინქრონიზება ცენტრალური ხელისუფლების და, კერძოდ, პრემიერმინისტრის გარეშე მომხდარიყო. ამ გარემოებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა გურიის გუბერნატორად სწორედ ამ კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გია სალუქვაძე დანიშნა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობაზე მიუთითებს სხვა ფაქტიც: მიუხედავად იმისა, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მოსწავლეების პროპაგანდისტულ ფილმზე მიყვანა, სამინისტრომ ვერ გაბედა პროცესში მონაწილეობისგან დაეცვა მასწავლებლები და მოსწავლეები", - განაცხადა სერგო რატიანმა.

განათლების სამინისტრომ ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის 9 წელი" ჩვენების დროს ხარვეზები და გადაცდომა ფოთში გამოავლინა. სამინისტროს ცნობით, ამის გამო, ფოთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა, სკოლის დირექტორებმა კი გაფრთხილება მიიღეს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთ თვეში სამინისტრო ჩაატარებს მონიტორინგს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

გაუპატიურება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, სისხლიანი ცხედრები - ეს კადრები არასრულწლოვნებმა ორი თვის წინ რეგიონებში ნახეს. "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა" - ასე ჰქვია ფილმს, რომლის ჩვენება სამეგრელოდან დაიწყო. ჩვენებაზე მისული არასრულწლოვნების დიდი ნაწილი ინფორმირებული არ იყო, რასთან დაკავშირებით შეკრიბეს - ზოგს ეგონა, კონცერტზე მიდიოდა, ზოგს კი გამოფენაზე. ჩვენებებზე მისულ ადამიანთა ნაწილი აცხადებდა, რომ აქ გამგებლის, სოფლის ხელმძღვანელობის ან სკოლის დირექტორის თხოვნით მოვიდა. ნაწილი კი ამბობდა, რომ არავის დავალებით არ მოსულა და ისიც იცოდა, თუ რის შესახებ იყო ფილმი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესახებ ფილმების რეგიონებში ჩვენების ორგანიზატორი გია სალუქვაძე გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა. 

კომენტარები