17 მაისი

საპატრიარქომ „ოჯახის სიწმინდის დღის“ აღსანიშნავი ღონისძიებები გააუქმა

news.ge

საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით, 17 მაისისთვის დაგეგმილი, საპატრიარქოს მიერ გამოცხადებულ ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები აღარ გაიმართება. ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. საპატრიარქოს განმარტებით, „16-17 მაისს აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დედაქალაქში პირველად შემობრძანება აღინიშნება, ამიტომ ეკლესიამ უმჯობესად მიიჩნია, ეს დღეები ლოცვითი მსვლელობებით და მსახურებებით აღნიშნოს".

„ჩვენი სურვილი გაითვალისწინეს შემოქმედებითმა კოლექტივებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და 17 მაისისთვის, - ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით", - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით, 17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დაბრძანებული იქნება აწყურის ღვთისმშობლის ხატი და სხვა სიწმინდეები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს წირვას, გადაიხდის პარაკლისს და წაკითხული იქნება გვარებისა და ოჯახების კურთხევის ლოცვა.

17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასთან და ტრანსფობისათან ბრძოლის დღე აღინიშნება. 2013 წლის 17 მაისს ამ თარიღისადმი მიძღვნილი აქცია თბილისში კონტრაქციის მონაწილეებმა დაარბიეს, რომელთა შორის მრავალი სასულიერო პირი იყო. გასულ წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

 

კომენტარები