გიგი უგულავას საქმე

ყოფილი ვიცემერი მამუკა ახვლედიანი უგულავას საქმეზე მოწმედ არ დაუშვეს

მამუკა ახვლედიანი
ტაბულა

საკრებულოს დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან და თბილისის ყოფილმა ვიცემერმა თბილსერვისის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს წერილით მიმართა. ჩხიკვაძე გიგი უგულავას აღნიშნულ საქმეს განიხილავს. ახვლედიანის თქმით, მაშინ, როდესაც იმ პერიოდში უგულავას პირველი მოადგილე იყო და სრულყოფილი ინფორმაცია აქვს, გაურკვეველი მიზეზებით დაცვის მხარის მოწმედ არ დაუშვეს. ახვლედიანის მოსაზრებით, მისი არდაკითხვის მოტივი ისაა, რომ იციან, სასურველ ჩვენებას ვერ მიიღებენ. 

მამუკა ახვლედიანმა ჩვენება მოსამართლეს წერილის სახით მისწერა. 

"მე ვიყავი თბილისის ვიცემერი - მერის პირველი მოადგილე, ასევე ვხელმძღვანელობდი მერიის ადმინისტრაციას. ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის ყველა საკითხი, მათ შორის საკადრო საკითხები, იყო დელეგირებული ჩემზე უმეტესწილად. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვიღებდით ჩვენ ერთობლივად. იყო თბილისის მთავრობის სხდომები, რომლებსაც ვხელმძღვანელობდი მე. ამ საკითხებთან დაკავშირებით ვარ ძირითადი მოწმე, ადამიანი, რომელიც ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი ინფორმაციული ხასიათის ცოდნა. ჩემდა სამწუხაროდ, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის ძალიან არაზუსტი და გაუგებარი გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს მოსამართლე ჩხიკვაძის საქციელთან დაკავშირებით. დაცვის მხარის მოთხოვნა ჩემს დაკითხვასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე მან არ დააკმაყოფილა.

მინდა, გითხრათ, რომ თბილსერვისის საქმეზე, როდესაც მე ვიყავი ძირითადი მოწმე, ბრალდებასაც არ დავუკითხივარ. გასაგებია, რატომ არ დამკითხა პროკურატურამ - იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩემგან მათთვის სასურველ ჩვენებას ვერ მიიღებენ. სამაგიეროდ, ჩემი ჩვენება ხელს შეუწყობს იმ ობიექტური სურათის აღდგენას და დანახებას სასამართლოსთვის, რომელიც ძალიან აუცილებელია იმისთვის, რომ სასამართლომ მიიღოს სწორი, მართალი და ობიექტური გადაწყვეტილება. მაგრამ, სამწუხაროდ, მოსამართლე ჩხიკვაძემაც უარი თქვა იმაზე, რომ მე პროცესზე დავკითხულიყავი. ეს უარი ყოვლად დაუსაბუთებელი იყო, ჩემი აზრით.

როდესაც არ კითხავ ძირითად მოწმეს და გადაწყვეტილებას იღებ ტარიელ ხიზანეიშვილის ჩვენებაზე დაყრდნობით მხოლოდ და მხოლოდ, რომელიც იმ პერიოდში არაფერს წარმოადგენდა, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი რიგითი სამსახურის უფროსი იყო, ხოლო მე თბილისის მერიაში ვხელმძღვანელობდი ძირითად სტრუქტურულ ერთეულებს და ვიღებდი ყველა საკადრო გადაწყვეტილებას, ჩემი არდაკითხვა მოსამართლეს, სამწუხაროდ, არაობიექტურ და მიკერძოებულ გადაწყვეტილებაზე ბადებს კითხვის ნიშნებს.

ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ რაც უნდა მომეყოლა სასამართლოსთვის, რაც უნდა მეთქვა და გამეზიარებინა მოსამართლისთვის, რომ მას მიეღო ობიექტური სურათი და გადაწყვეტილება, დამეწერა წერილის სახით და მიმემართა, რათა მოსამართლე ჩხიკვაძემ გაითვალისწინოს ის ობიექტური რეალობები, რომელიც აუცილებელია ჭეშმარიტების დასადგენად და შეასაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკურად აჟიტირებული პროკურატურის და მოსყიდული მოწმე ხიზანეიშვილის ჩვენებებით სასამართლო ნამდვილად ვერ მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას", - თქვა ახვლედიანმა.

კომენტარები