დავითაია: ამ პროგრამით პოპულისტურის ნაცვლად სამართლიან დაფინანსებას ვიღებთ

გადასახადების შემცირება ნებისმიერი ბიზნესმენისთვის ცალსახად მისასალმებელია, მაგრამ მეორე მხრივ რომ შევხედოთ, დარჩება თუ არა უპატრონოდ ის სოციალური ხარჯები, რომლებიც აქამდე არსებობდა ბიუჯეტში? მე ვფიქრობ, რომ არა, იმიტომ, რომ ამ არსებული პროგრამის მიხედვით, ჩვენ ვიღებთ, ასე ვთქვათ, სოციალური მუხლების სამართლიანი დაფინანსების ფორმულას და არა პოპულისტური დაფინანსების ფორმულას. იქ, სადაც საჭიროა, დაეხმარო იმ ადამიანს, ვისაც ეს ფული ნამდვილად სჭირდება, მას ეს ფული არ მოაკლდება, მეტიც, მას ეს ფული დახმარების სახით მოემატება. იმისათვის, რომ ეს საყოველთაო დაზღვევის პოლისი გამოიყენო, გჭირდება ორთვიანი პროცედურა, რომ საბოლოო ჯამში ეს თანხა დაიბრუნო, ეს რა თქმა უნდა არაკომფორტულია. ამის გარდა, მე ვგრძნობ, რომ ამით მე ვაკლებ გაჭირვებულს. სამართლიანობის მოდელზე გადასვლა სოციალური ხარჯების დაფინანსების კუთხით უფრო მართებულია, ამიტომ მემარცხენეებს ეს პასუხი უნდა აკმაყოფილებდეს, ჩემი აზრით. რაც შეეხება თავად საგადასახადო წნეხის შემცირებას ბიზნესზე და თავისუფალი კაპიტალის გაჩენას ბაზარზე, რაღაც კითხვები რიცხვებთან დაკავშირებით მაქვს, თუმცა ახლა ამაზე არ ვიდავოთ. ზოგადად ძალიან კარგი შედარებაა, რომ კაპიტალი, ფული არის წყალივით, ის აუცილებლად ნახავს თავის გასავალს. კაპიტალი უნდა დასაქმდეს ასეც და ისეც, დასაქმებული კაპიტალი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას, რაც თავისთავად დადებითი ფაქტორია.

განაცხადა კომპანია Free Land ჰოლდინგის მმართველმა პარტნიორმა, ივა დავითაიამ ენმ-ის ანტიკრიზისულ პროგრამასთან დაკავშირებით, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში საუბრისას.

კომენტარები