ე.წ. კაბელების საქმე

ვაშაძე: სასამართლო ივანიშვილისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს იღებს

BPN.GE

ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერები საკუთარ თავზე გრძნობენ, რას ნიშნავს ქართული ოცნების მიერ მართული სასამართლო ხელისუფლება, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასამართლო ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს იღებს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღება გრძელდება სასამართლოში. ფაქტია, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების პირდაპირი ინტერესი. ასეთი პრეცედენტები სასამართლოში უკვე ბევრია, იგივე პოლიტპატიმრებთან, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან დაკავშირებით. სასამართლო და, განსაკუთრებით, სააპელაციო სასამართლო იღებს იმ გადაწყვეტილებას, რისი მოსმენაც ქართულ ოცნებას და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს სურს. ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერები ახლა უკვე საკუთარ თავზე გრძნობენ, რას ნიშნავს ქართული ოცნების მიერ მართული სასამართლო ხელისუფლება", - განაცხადა ვაშაძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაუშვებლად ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებად ცნო.

ადვოკატების ინფორმაციით, საუბარია სასაქონლო-საინჟინრო ექსპერტიზაზე, რომლის საფუძველზეც, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ.

დაცვის მხარის ადვოკატებმა მეორე ინსტანციის მოსამართლეს განცხადებით მიმართეს, რომ საჩივარზე ზეპირი მოსმენით, ანუ მხარეთა დასწრების პირობებში ემსჯელა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ პროკურატურის საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა.

 

კომენტარები