ვერტმფრენები

გომელაური: სტიქიის ღამეს ვერტმფრენის ჩამოვარდნის საფრთხე იყო, ვერ გავრისკავდით

ვახტანგ გომელაური
ტაბულა

სუპერ პუმას ტიპის ფრანგული ვერტმფრენები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ვერტმფრენები გამოიყენება სამაშველო სამსახურისთვის და სასაზღვრო მონიტორინგის მიზნით. 

კითხვაზე, რატომ არ გამოიყენეს აღნიშნული ვერტმფრენები სტიქიის დროს, გომელაური აცხადებს, რომ "გამოყენებული ვერ იქნებოდა, რადგან დაახლოებით ორ წელიწადზე მეტია, ეს ვერტმფრენები უძრავად დგას და შემოწმება სჭირდება". 

ამჟამად აღნიშნული ვერტმფრენები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და საქართველოს მთავრობა მათ გაყიდვას აპირებდა. 

ამასთან, ვახტანგ გომელაური აღნიშნავს, რომ შს სამინისტროს ისედაც ჰყავს ვერტმფრენი, თუმცა, ამინდიდან გამომდინარე, იმასაც ვერ გამოიყენებდნენ სტიქიის ღამეს. 

"მოღრუბლული იყო. ქალაქის პირობებში ის ვერ იფრენდა, იყო ჩამოვარდნის საფრთხე და მას ვერ გამოვიყენებდით, ვერ გავრისკავდით ბიჭების სიცოცხლეს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

ცნობისთვის, წინა ხელისუფლებამ ერთი მეორადი და სამი ახალი ევროკოპტერის ტიპის ვერტმფრენი შეიძინა. მათ შორის ახლებიდან ორი და მეორადი ერთი სუპერ-პუმას ტიპის არის. თუმცა, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, ასევე თავდაცვის  ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ  განაცხადეს, რომ ისინი პრეზიდენტის გადასაადგილებლად, ძალიან ძვირად იყო შეძენილი და მათი გასხვისება გადაწყდა. თუმცა, ეს ტექნიკა დღემდე გამოუყენებელი დგას.

კომენტარები