პატიმართა მიმართ ძალადობა

ზუგდიდის ციხის ყოფილი დირექტორი დამნაშავედ ცნეს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4-ე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ამირან ჯანაშია და ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი მთავარი ინსპექტორი რომეო როგავა დამნაშავედ ცნო. საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, მოსამართლემ ამირან ჯანაშიას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, საბოლოოდ, ამნისტიის აქტის გამოყენებით სასჯელის სახით 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე 3 წლითა და 9 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება და განესაზღვრა ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით.

რომეო როგავას კი, 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საბოლოოდ, ამნისტიის აქტის გამოყენებით სასჯელის სახით 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება და განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2009-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამირან ჯანაშია და რომეო როგავა სისტემატურად ამცირებდნენ პატიმრებს და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდნენ. გამოძიების მასალებით, მსჯავრდებულები დაწესებულებაში შეყვანისთანავე აშიშვლებდნენ პატიმრებს და მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

 

კომენტარები