რელიგიური უმცირესობა

ქობულეთში, მუსლიმურ პანსიონთან მართლმადიდებელი მრევლი აქციას მართავს

palitra tv

ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მუსლიმურ პანსიონთან მართლმადიდებელი მრევლი საპროტესტო აქციას მართავს. 

"აჭარაში რელიგიური უმცირესობა ჩაგრავს რელიგიურ უმრავლესობას თურქეთის დაფინანსებით", - ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ამ ლოზუნგით ადგილობრივები პანსიონთან შეიკრიბნენ. ინტერპრესნიუსის კორესპონდენტის ცნობითვე, პანსიონთან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ხათუნა ბოლქვაძისა და სასამართლოს წარმომადგენლების მისვლასაც ელოდებიან.

სასამართლო ადგილზე შეისწავლის მუსლიმური პანსიონის შესახებ არსებულ პრობლემას. როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ პანსიონის კარზე ღორის თავი ჩამოკიდეს. პანსიონატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტებზე ”ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), ადგილობრივი მუსლიმების სახელით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე, სასამართლო საქმეს აწარმოებს. მოსარჩელე მხარე სასამართლოსგან ითხოვს, კერძო პირების მხრიდან, რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებენ, დისკრიმინაციული მოპყრობისა და პანსიონის გახსნისთვის ხელშეშლის შეწყვეტის დავალდებულებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ კი, მოსარჩელეები ითხოვენ, საკუთარი უფლების შეზღუდვისა და დევნის ეფექტური პრევენციისა და პანსიონის გახსნისა და საქმიანობის უზრუნველყოფას. ამ დრომდე ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებს, ბარიკადები აქვს აღმართული პანსიონატის შესასვლელთან და შენობასთან მიმოსვლის რეჟიმს ფაქტობრივად აკონტროლებს.

 

კომენტარები