პროკურორი და ადვოკატი: კორტების საქმეზე რიგითებმა მამხილებელი ჩვენება მისცეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. სპეცრაზმელების საქმეზე არსებითი განხილვისას დღეს სამი რიგითი სპეცრაზმელი დაკითხეს. პროცესი დახურული იყო. პროკურორ ლევან ადეიშვილის ინფორმაციით, ჩვენებებში ბრალდებულებმა "მაღალჩინოსნები ახსენეს". ადეიშვილის თქმით, "მათ ისაუბრეს იმის ირგვლივ, რაც მოხდა 2004 წლის 2 მაისს კორტებთან. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებულების ჩვენებები მამხილებელია".

ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატის იაგო სოხაშვილის განმარტებით, პროცესი "საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე" დაიხურა. მისივე თქმით, დაკითხული სამი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. კითხვაზე, მისცეს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა მამხილებელი ჩვენება, ადვოკატმა, ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა, რომ "ბრალდებულებმა მათ წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. ცალსახად იყვნენ ეს ადამიანები ხსენებული".

ამასთან, სამართალდამცველთა ლიგაში ტაბულას უთხრეს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, ვის წინააღმდეგ შეიძლება მიეცა დაკითხულ სამ სპეცრაზმელს ჩვენება.

"ჩვენ გვაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომ დაიკითხა სამი სპეცრაზმელი. გვითხრეს, რომ ეს სამი რიგითი ამბობს მამხილებელ ჩვენებას - ვინ იგულისხმება, ვერ გეტყვით. კანონით, შეუძლებელია, ვინმემ მისცეს ჩვენება ცააძის წინააღმდეგ, ან ბეროძის, ან ფირცხალავას მიმართ, რადგან სპეცრაზმელებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ მათთან და არც უნდა ჰქონოდათ. ვვარაუდობთ, რომ შეიძლება, ეს იყოს კახა ნაკანის წინააღმდეგ ჩვენება, მაგრამ რა შეიძლება, ამ სამმა ადამიანმა თქვას, ვერ გეტყვით. კანონმდებლობით, მათ მხოლოდ კახა ნაკანის წინააღმდეგ შეუძლიათ ჩვენების მიცემა, რადგან ნაკანი იყო მათი უშუალო ხელმძღვანელი. თუმცა, კონკრეტულად ვისზე და რა ისაუბრეს, ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან პროცესი დახურული იყო", - აცხადებენ სამართალდამცველთა ლიგაში.

ცნობისთვის, ე.წ. კორტების სპცოპერაციის საქმეზე პასუხისგებაში 12 პირი მისცეს. მათ შორის, სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირები და რიგითი სპეცრაზმელები. პროკურატურის შუმდგომლობით, რიგითი სპეცრაზმელების საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო. ბრალდებულებს განზრახ მკვლელობას ედავებიან.

არსებითი განხილვა ბრალდებულების დაკითხვის ეტაპით 15 ივლისს გაგრძელდება.

 

კომენტარები