მცოცავი ოკუპაცია

პრემიერი: იმედია, რუსეთი დაინტერესდება ამ პროვოკაციით და შეაჩერებს მას

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

რუსი მესაზღვრეების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტზე კომენტარი დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. პრემიერი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ბანერების დამონტაჟებას ღარიბაშვილი პროვოკაციად აფასებს. მას იმედი აქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება დაინტერესდება ამგვარი პროვოკაციებით და შეაჩერებს მას.

"რაც შეეხება ამ რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - პირველ რიგში, მინდა, მოგიწოდოთ ყველას სიმშვიდისკენ. საჭირო არ არის ზედმეტი აჟიოტაჟი და პანიკა. მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოს, მთავრობამ იცოდა, რას აკეთებდა. ჩვენ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გზას. ჩვენ მშვიდად, მაგრამ პრინციპულად და მტკიცედ უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი. ის ფაქტი, რომ ეს ტერიტორია მოქცეული იყო, ასე ვთქვათ, ოკუპანტების გავლენის ქვეშ და ეს ტერიტორია არ იყო ჩვენი კონტროლის ქვეშ, მემგონი, ყველასთვის ცნობილია.

ბანერების დადგმა შეიძლება შეფასდეს, როგორც პროვოკაცია - აბსოლუტურად გაუმართლებელი, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ნამდვილად გვსურს. გვსურს სწორედ დიალოგისა და მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით ურთიერთობების დარეგულირება, პროცესების დაწყება, რასაც ჰქვია დეოკუპაცია და ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. საპასუხოდ ვხედავთ ამ პროვოკაციას, რომელიც არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. მით უმეტეს, ჩემი წარმომადგენელი ბატონი ზურაბ აბაშიძე დღეს გაემართა პრაღაში, ხვალ აქვს შეხვედრა კარასინთან. ასე რომ, აბსოლუტურად გაუგებარი და გაუმართლებელია ამგვარი ქმედება.

იმედი მაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება დაინტერესდება ამგვარი პროვოკაციებით და შეჩერდება ეს პროცესი, ვინაიდან ეს არცერთ მხარეს არ წაადგება.

გვსურს, კონსტრუქციული, პრაგმატული ურთიერთობები განვავითაროთ, დიალოგის გზით დავარეგულიროთ ურთიერთობები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიქნებით და დავრჩებით პრინციპულები ისეთ საკითხებში, რომლებიც ეხება ჩვენს ტერიტორიებს - ჩვენს აფხაზეთს და ჩვენს სამაჩაბლოს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ. ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რა უნდა გავაკეთოთ და ჩვენ ყველა საერთაშორისო ბერკეტს ვიყენებთ და გამოვიყენებთ მომავალში", - თქვა პრემიერმინისტრმა.

პრემიერმინისტრმა ბაქო-სუფსის მილსადენზეც გააკეთა კომენტარი, რომლის ნაწილიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა.

"მილსადენი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ობიექტი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ რამდენიმე სახელმწიფოსთვის. ჩვენ და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მშვიდობიანი გზით მოგვარდეს", - თქვა პრემიერმა.

პრემიერისვე ინფორმაციით, მთავრობა ამ ეტაპზე არ აპირებს რუსეთთან ურთიერთობების დამრეგულირებელი რაიმე ფორმატის გადახედვას ან გაფართოებას.

"ამ ეტაპზე არ იგეგმება არავითარი ფორმატის გაფართოება. ის ფორმატი, რაც ჩვენ გვაქვს, დარჩება. მეორე ფორმატი არის - ჟენევის ფორმატი. ასე რომ, არ ვაპირებთ ამ ეტაპზე რაიმე ფორმატის გადახედვას ან მის გაფართოებას", - აღნიშნა პრემიერმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს გადმოსწიეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიწები.

კომენტარები