მცოცავი ოკუპაცია

გაეროს გენერალური მდივანი: ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციისგან

un.org

რუსი მესაზღვრეების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ეხმაურება. ბან კი მუნი მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შეიძლება პროვოკაციულად იყოს აღქმული.

"გაეროს გენერალური მდივანი გამოხატავს შეშფოთებას იმ ქმედებების გამო, რამაც შესაძლოა, ნეგატიური ეფექტი იქონიოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და საცხოვრებელ პირობებზე. ის მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შეიძლება იყოს აღქმული პროვოკაციულად და რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას ხელს არ შეუწყობს.

გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ არსებული მექანიზმები, როგორიცაა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რათა გამოთქვან შეშფოთება და შეამცირონ დაძაბულობა", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს გადმოსწიეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი და ადგილობრივი მოსახლეობის მიწები.

 

კომენტარები