უკრაინა შეერთებულ შტატებს 1240 ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსს სთხოვს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა უოლ სთრით ჯორნალისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პეტრო პოროშენკოს თქმით, ზუსტად ამდენი - 1240 ბირთვული ქობინი დათმო უკრაინამ 1994 წელს, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთისგან მიღებული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიების სანაცვლოდ. პოროშენკოს თქმით, რუსეთი მინსკის შეთანხმებას კვლავ არღვევს, დაღუპულთა რიცხვმა კი 9 ათასს მიაღწია.
უკრაინაში დაღუპულთა შესახებ საკუთარი მონაცემები გაერომაც გამოაქვეყნა. ამ მონაცემების თანახმად, 2014 წლის აპრილიდან უკრაინაში 6 ათას 800 ადამიანი დაიღუპა და 17 ათასი დაშავდა.
დღეს რუსულმა გამოცემა გაზეტა-რუმ გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ უახლოეს დღეებში მოსკოვში უკრაინის ე. წ. ალტერნატიული მთავრობის პრეზენტაცია შედგება, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერი ნიკოლაი აზაროვი უხელმძღვანელებს.