უეფა-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, თბილისში, ხვალ, ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება. ამასთან დაკავშირებით განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ 11 აგვისტოს, 18:00 საათიდან, ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება შემდეგ ქუჩებზე:
- მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება);
- წერეთლის გამზირის დასაწყისიდან (N1-დან) ვახუშტის ქუჩის კვეთამდე;
- დაიკეტება დ.აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და დ.აღმაშენებლის გამზირის კვეთიდან დ.აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე;
- ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე;
- მოძრაობა იკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მ.წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან მ.წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე;
- მძღოლები ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე.
შედეგად, სრულად დაიკეტება ბ.პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის - დინამო არენას მიმდებარე ქუჩები.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ ქუჩების გადაკეტვის დროს, ავტომანქანებით გადაადგილება ნებადართული იქნება, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე.