რუსთავი 2-ის საქმე

ტელეკომპანია რუსთავი 2 სასამართლოსგან საქმის მასალების გადაცემას ითხოვს

რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2 სასამართლოსგან საქმის იმ მასალების გადაცემას ითხოვს, რომელზე დაყრდნობითაც მოსამართლემ კომპანიას ყადაღა დაადო. ეს დოკუმენტაცია მოპასუხე მხარეს ამ დრომდე არ აქვს და, შესაბამისად, ვერ ახერხებს ყადაღის გასასაჩივრებლად საჭირო დოკუმენტების მომზადებას. კომპანიის იურისტმა მოსამართლის სახელზე განცხადება დღეს დილით შეიტანა. ტელეკომპანიას სარჩელის გასასაჩივრებლად ვადა ოთხშაბათამდე აქვს. დღესვე, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იმსჯელებს, მიიღებს თუ არა სასამართლო წარმოებაში ქიბარ ხალვაშის სარჩელს.

"ჩვენთვის გაუგებარია, საერთოდ მოსამართლემ რის საფუძველზე იმსჯელა. არ ჩანს განჩინებაში კარგად, რა იყო მხარის სასარჩელო მოთხოვნა. რას ეფუძნებოდა მისი ვარაუდი, რომ აუცილებელი იყო ქონების დაყადაღება, თან ამგვარი წესით, თანაც მედიაკომპანიისთვის. ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო გამყარებული სერიოზული მტკიცებულებებით, სერიოზული საფუძვლებით, შესაბამისი სამართლებრივი ნორმების მითითებით, რომელმაც შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი მოსამართლეს, რომ ნამდვილად უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება და დაეყადაღებინა რუსთავი 2-ის მთლიანი ქონება, ასეთი მკაცრი განაჩენით. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს ეს მასალები, რამ შეუქმნა საფუძვლიანი ვარაუდი მოსამართლეს, რომ მიეღო ასეთი მკაცრი და სასტიკი გადაწყვეტილება", -განაცხადა ტელეკომპანიის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი 4 აგვისტოს შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.

კომენტარები