ადვოკატი კორტების საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელების გათავისუფლებას მოითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული რიგითი სპეცრაზმელების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ. ადვოკატ უშანგი მგელაძის თქმით, დღეს, 15:00 საათზე ჩანიშნულ პროცესზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ სპეცრაზმელებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა თავდებობით შეეცვალოს. ინტერპრესნიუსის ცნობით, ადვოკატი არ აკონკრეტებს, ვინ უდგება თავდებად რიგით სპეცრაზმელებს. თუმცა, მისი თქმით, დღეს დაცვის მხარის მიზანია, შეცვალოს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა. 

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების ადვოკატის დავით ხაჟალიას თქმით კი, მოსალოდნელი იყო რიგითი სპეცრაზმელებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, განრიდება ან საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

"ჩვენი მოლოდინი გააჩინა იმან, რომ მათი საქმე გამოიყო და ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. გარდა ამისა, ისინი ჩვენ წინააღმდეგ მოწმეებივით გამოვიდნენ სხდომაზე, თუმცა მათ ჩვენებებს ახალი არაფერი უთქვამთ. ვინმეს ბრალეულობა საკონტროლო გასროლებთან, ან შეკვეთილ მკვლელობასთან დაკავშირებით მათი ჩვენებებით არ გამოვლენილა. მათ ჩვენებებში ისაუბრეს მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც იმ ბრალს, რაც წარდგენილი აქვთ, სრულიად სხვა კონტექსტში გადაიყვანს და არა განზრახ მკვლელობის, ან საკონტროლო გასროლების მიმართულებით", - განაცხადა დავით ხაჟალიამ. 

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე რიგითი სპეცრაზმელების საქმე ცალკე წარმოებად 11 ივნისს გამოიყო. თავდაპირველად ბრალი წარედგინა 12 პირს, საიდანაც 11 დააკავეს. თუმცა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელმძღვანელი პირების საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, რიგითი სპეცრაზმელების კი - ერთ წარმოებად. ამასთან, 8 ივლისის სხდომაზე, სამი რიგითი სპეცრაზმელი დაკითხეს. პროცესი დახურული იყო. პროკურორ ლევან ადეიშვილის ინფორმაციით, ჩვენებებში ბრალდებულებმა "მაღალჩინოსნები ახსენეს". ადეიშვილის თქმით, "მათ ისაუბრეს იმის ირგვლივ, რაც მოხდა 2004 წლის 2 მაისს კორტებთან. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებულების ჩვენებები მამხილებელია".

კომენტარები