ადვოკატი: ბრალდებულ სპეცრაზმელებს თავდებში მოქმედი სპეცრაზმელები უდგებიან

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული რიგითი სპეცრაზმელების ადვოკატის იაგო სოხაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს თავდებად სპეცრაზმის მოქმედი თანამშრომლები უდგებიან. დღევამდელ პროცესზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლის თაობაზე. ადვოკატის თქმით, პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას საფუძვლად დაედო შვიდი ბრალდებული სპეცრაზმელის ჩვენებები.

"სასამართლოზე გამოიკვეთა მათი უდანაშაულობა. მათ დანაშაულთან შეხება არ ჰქონიათ. ისინი არიან რიგითი სპეცრაზმელები, რომლებმაც შეასრულეს ბრძანება. მათ არ ევალებოდათ სპეცოპერაციის კანონიერების გადამოწმება. მოლოდინი მაქვს, რომ ისინი დღეს გათავისუფლდებიან", - განაცხადა სოხაშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით. 

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე რიგითი სპეცრაზმელების საქმე ცალკე წარმოებად 11 ივნისს გამოიყო. თავდაპირველად ბრალი წარედგინა 12 პირს, საიდანაც 11 დააკავეს. თუმცა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელმძღვანელი პირების საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, რიგითი სპეცრაზმელების კი - ერთ წარმოებად. ამასთან, 8 ივლისის სხდომაზე, სამი რიგითი სპეცრაზმელი დაკითხეს. პროცესი დახურული იყო. პროკურორის და ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულებმა "მამხილებელი ჩვენებები მისცეს".

კომენტარები