საქართველოს ეკონომიკა

საქსტატი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 81%-ით გაიზარდა

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების დინამიკა
საქსტატი

2015 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა $355 მილიონი იყო, რაც 2014 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 81%-ით მეტია. საქართველოში შემოსული ინვესტიციების 45% აზერბაიჯანში რეგისტრირებულ კომპანიებზე მოდის.

2015 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში $530 მილიონის მოცულობის ინვესტიციები შემოვიდა, რაც 2014 წლის დაზუსტებულ მაჩვენებლებს 5%-ით აღემატება. წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების 11%-იანი კლება იყო, რაც წლის პირველ ნახევარში ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენდა. 

საქსტატის მონაცემებით, წლის მეორე კვარტალში, უმსხვილეს ინვესტორებს შორის მოხვდნენ:

  1. აზერბაიჯანი -$160 მილიონი
  2. ნიდერლანდები - $68 მილიონი
  3. თურქეთი - $41 მილიონი
  4. გაერთიანებული სამეფო - $32 მილიონი 
  5. ლუქსემბურგი - $20 მილიონი

ინვესტიციების ყველაზე დიდი ნაწილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე (58%) მოდის. პოპულარულ სექტორებში შედის საფინანსო სექტორი (12%), დამამუშავებელი მრეწველობა (8%), მშენებლობა (7%), უძრავი ქონება (6%) და სასტუმროები და რესტორნები (5%). 

საქსტატის მონაცემები წინასწარია და დაზუსტებულ კვარტალურ მონაცემებს შესაძლოა არ ემთხვეოდეს. წინასწარსა და რეალურ მონაცემებს შორის სხვაობა შესაძლოა $200 მილიონსაც აღწევდეს, რაც 2014 წლის დაზუსტებული ინვესტიციების გამოქვეყნების დროსაც მოხდა, როდესაც წინასწარსა და საბოლოო მონაცემებს შორის $500-მილიონიანი აცდენა დაფიქსირდა. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემადგენელი ნაწილები არის შემომავალი ნაკადები, ანუ სულ რა ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება, რაშიც ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება და დივიდენდების გაცემა იგულისხმება. გარდა ამისა, გამავალ ნაკადებში შედის სავაჭრო კრედიტის დავალიანების, სესხისა და პროცენტის თანხის გადახდაც. 

სულ შემომავალი ინვესტიციების რაოდენობამ შეადგინა $530 მილიონი. ბიზნესმენების მიერ გადახდილმა ვალდებულებებმა, ანუ საქართველოდან უცხოეთში გადინებულმა თანხამ კი - $175 მილიონი.

კომენტარები