რთველი 2015

კახელი მევენახეები ყურძნის ფასის გაზრდის მოთხოვნით აქციებს აგრძელებენ

David Mdzinarishvili / Reuters

რთველი 2015-ის მესამე დღე გურჯაანში ისევ აქციით დაიწყო. მევენახეები იკრიბებიან საგარეჯოს გამგეობასთანაც. ისინი ყურძნის ჩასაბარებელ ფასს აპროტესტებენ. მევენახეები ითხოვენ ახსნას, "როგორ მოხდა, რომ ყველაფრის ფასმა მოიმატა და ყურძნის ფასი კი, განახევრდა". მათ აინტერესებთ, ყურძნის ჩაბარების ფასი რა კრიტერიუმით დადგინდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, საფერავის ფასი ლარნახევარი უნდა იყოს, რქაწითელის კი, ერთი ლარი. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მევენახეები მასშტაბურ პროტესტს გეგმავენ.

თეთრ ყურძენს სახელმწიფო 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებს. გასულ წელს მისი ფასი ორლარ-ნახევარზე მეტს შეადგენდა. რუსული ბაზრის გახსნის გამო 2014 წელს ქარხნებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი ყურძენი ჩაიბარეს. მეღვინეებიც და ქარხნებიც ჩაბარებული ყურძნის ფასისა და რაოდენობის ზრდას 2015 წელსაც ელოდნენ, თუმცა რუსეთსა და უკრაინაში დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ქარხნებს დიდი რაოდენობით გაუყიდავი ღვინო დარჩათ, რის გამოც წელს ნაკლებ ყურძენს იბარებენ, ამის შედეგად ბაზარზე ყურძნის ფასი თითქმის 70%-ით არის შემცირებული.

კომენტარები