რთველი 2015

ენმ მთავრობას: დაანებეთ თავი პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას და მიხედეთ ხალხს

primetimenews.ge

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, "სრულიად გაოგნებული ვართ იმ განცხადების არაადეკვატურობის ხარისხით, რომელიც მოვისმინეთ". ბაქრაძე პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, მაქსიმალურად გააკონტროლოს კახეთში სიტუაცია და "ეს პროვოკატორები მოვაშოროთ". ბაქრაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, "სათანადოდ შეაფასოს" პრემიერმინისტრის განცხადება, "როდესაც მაჟორიტარ დეპუტატს ემუქრება დაპატიმრებით იმისთვის, რომ მაჟორიტარი მონაწილეობს ხალხის მიერ ორგანიზებულ აქციაში. 

"პრემიერი ნაცვლად იმისა, რომ იზრუნოს გლეხების პრობლემის მოგვარებაზე და გაჭირვებული ხალხის დახმარებაზე, პოლიციას ავალებს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დაკავებას მხოლოდ იმისთვის, რომ დეპუტატი ასრულებს საკუთარ მოვალეობას და საკუთარი ხალხის გვერდით დგას. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ გიორგი ღვინიაშვილი შეასრულებს თავის მოვალეობას და იდგება კახელი გლეხების გვერდით განსხვავებით ქართული ოცნების მინისტრებისგან, დეპუტატებისგან და გებურნატორებისგან, რომლებსაც არჩევის შემდეგ, თვეობით არ ჩაუკითხებიათ სოფლებში საკუთარი ამომრჩევლისთვის და საერთოდ არ აღელვებთ ხალხის პრობლემები. მათგან განსხვავებით, გიორგი ღვინიაშვილი და თითოეული ჩვენგანი ვიდგებით ხალხის გვერდით ყოველთვის და ყველგან, სადაც იქნება ამის საჭიროება. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის პოლიტიზებული თემა, ჩვენი სურვილი და მოტივაცია ნამდვილად არ არის რთველის პოლიტიზაცია, მაგრამ ამასთან ერთად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიდგებით ხალხის გვერდით ყველგან, სადაც ხალხს მოატყუებენ და სადაც ხალხს ექნება პრობლემა", - განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ კახეთში შეკრებილი ხალხი არ არის "20-30 პროვოკატორი, როგორც მათ უწოდა პრემიერმა". საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, კახეთში აქციებს მართავენ ხელისუფლებისგან მოტყუებული ოჯახები. 

"ეს ადამიანები არიან ათასობით კახელი გლეხი, რომელთა უკან დგას 10 000-ობით მოტყუებული ოჯახი. ამ მთავრობის მოტყუებული ოჯახები. ის ოჯახები, რომლებსაც დაპირდნენ, რომ ყურძნის მინიმალური ფასი იქნებოდა ერთი ლარი და დღეს სთავაზობენ 60 თეთრს. ის ოჯახები, რომლებსაც დაპირდნენ, რომ რუსულ ბაზარს გახსნიდნენ, პრობლემა აღარ იქნებოდა, სოფელი აშენდებოდა და დღეს გლეხი ვერ აბარებს საკუთარ მოსავალს. ის ათი ათასობით ოჯახი, რომლებიც დღეს უფრო მეტ გაჭირვებაში ცხოვრობს სწორედ ამ მთავრობის არაკომპეტენტური პოლიტიკის შედეგად. აი, ეს არის რეალობა, ეს არიან ადამიანები, რომლებიც იქ დგანან და მე მინდა მოვუწოდო მთავრობას, დაანებოს თავი პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას და თუ რამე შეუძლია ჯერ კიდევ, თუმცა, ძალიან ეჭვი გვეპარება, რომ რამე შეუძლია, მიხედოს ხალხს, მათგან მოტყუებულ ხალხს და გააკეთოს ყველაფერი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კახელმა გლეხმა მიიღოს ის თანხა , რომელსაც ეს ხელისუფლება პირდებოდა მათ ორი წლის წინ. ეს იყო მინიმუმ ერთი ლარი და ეს იყო არაერთ საჯარო გამოსვლაში დაფიქსირებული", - თქვა ბაქრაძემ.

კომენტარები