რთველი 2015

უსუფაშვილი: დავინტერესდები, თუ თქვა პრემიერმა, ღვინიაშვილი აქედან მოაშორეთო

Jamestown.org
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის განცხადებით დაინტერესდება. ამის შესახებ უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების პასუხად თქვა. ბიუროს სხდომაზე უმცირესობის წევრებმა განაცხადეს, რომ პრემიერმინისტრმა შს მინისტრს გურჯაანიდან მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის მოშორება დაავალა. უსუფაშვილის თქმით, თუ პრემიერმა ასეთი რამ მართლა თქვა, ეს სწორი არ არის. 
 
"პრემიერმა, თუ პარლამენტის წარმომადგენელმა, ვინც არ უნდა თქვას რამე ასეთი - ეს არ არის სწორი, მაგრამ არ მგონია, რომ პრემიერმა თქვა, რომ ღვინიაშვილი მოაშორეთ იქიდან. მე ასე არ ვთვლი და ასე არ წამიკითხავს, მაგრამ თქვენი განცხადების შემდეგ, კიდევ ერთხელ დავინტერესდები, თუ თქვა პრემიერმა, რომ ღვინიაშვილი აქედან მოაშორეთო, ეს თუ დაევალა მინისტრს ან ვინმე სხვას. რაც შეეხება კონკრეტულ შეფასებებს, მათ შორის პოლიტიკოსთა მიერ ერთმანეთის შეფასებებს, არ ვარ მომხრე იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს ან პროვოკატორი ვუწოდოთ, ან რაიმე სხვა, მაგრამ მინდა, იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ სწორედ ღარიბაშვილის პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან, სიტყვა "პროვოკატორი" არის ხოლმე ყველაზე რბილი სიტყვა, რომელიც მის მიმართ არის ნათქვამი. ასე რომ, თუ სიტყვებზე ვსაუბრობთ, ვინ რა ლექსიკას იყენებს, როდესაც ვინმეს ქმედებებს აფასებს, მე ყველას მოგიწოდებთ, ვიყოთ კორექტულები მიმართვის დროს და მსგავსი შეპასუხებები არ იქნება. არა მგონია, პრემიერი ადამიანურად ვინმეზე ნაკლებად იყოს შეხებული იმ გრძნობებს და ემოციებს, რომელიც ყველა ჩვენგანს გაგვაჩნია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 
 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, მაქსიმალურად გააკონტროლოს კახეთში სიტუაცია და "ეს პროვოკატორები მოვაშოროთ". 

"ვიცი, რომ ერთ-ერთი დეპუტატი - გვარად ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კახეთის გუბერნატორი და პირდაპირ მიუთითებდა ღვინის კომპანიებს, რომ არ ჩაებარებინათ ყურძენი მაღალ ფასად, გლეხებს თვეების განმავლობაში 10 თეთრს არ უხდიდნენ ყურძენზე, რომელ სუბსიდირებაზე იყო საუბარი წინა წლებში. ახლა ეს ადამიანი იმისთვის, რომ ოდესის გუბერნატორს დაუმტკიცოს ერთგულება, ჩადის და აქტიურობს. მინდა, მივმართო სამართალდამცველ ორგანოებს და ბატონ მღებრიშვილს - გთხოვთ, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, რომ მოსახლეობას არ შეექმნას ჩაბარებაში რაიმე პრობლემა. ეს პროვოკატორები მოვაშოროთ. ადგილზე თუ ვინმე პროვოკატორი შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, რომ დღეს ისეთი დისკრედიტირებული ორგანიზაცია, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა, ჩადის და 20-30 კაცის მეშვეობით ინტრიგანული, პროვოკაციული მეთოდებით აპირებს იმ რთველის ძალიან პოზიტიური სურათის გაფუჭებას და ფონის გაუარესებას" - თქვა პრემიერმა.

კომენტარები