ავღანეთში დაღუპული სამხედროები

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

თავდაცვის სამინისტრო

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით საქართველოში ჩამოასვენეს. დაღუპულ სამხედროს საქართველოში თანამებრძოლი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ყორღანაშვილი ჩამოჰყვა.

IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებითა და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სამგლოვიარო მარშის აკომპანირებით ჩატარდა.

სამგლოვიარო ცერემონიალს დაღუპულის ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური და თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აეროპორტში ასევე მივიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში უილიამ ლაჰიუ, ნატოს სამხედრო წარმომადგენელი საქართველოში, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები.

ვასილ ყულჯანიშვილი 1994 წლის 8 აგვისტოს დაიბადა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ამჯერად კი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში იმყოფებოდა. პატრულირებისას ქართველ სამხედროებს თავს დაესხნენ. სროლების დროს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა. დაზღვევაზე მყოფი პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი დაშავებული თანამებრძოლის ევაკუაციის დროს დაიღუპა.

გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს მთავრობა კანონით განსაზღვრულ 100 ათას ლარს გამოუყოფს, დაკრძალვის ხარჯებს კი თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

კომენტარები