სოხუმის დაცემის დღე

ილია II: აფხაზებო, ქართველებო, შეერთდით და ერთად ვიტიროთ ჩვენი მიცვალებულები

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე ქართველებსა და აფხაზებს მოუწოდებს შეერთდნენ და ერთად დაიტირონ მიცვალებულები. განცხადება ამის შესახებ პატრიარქმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე გააკეთა.

"დღეს მწუხარების დღეც არის და სიხარულის დღეც არის. დღეს არის ჯვრის ამაღლება და არის აფხაზეთის ტრაგედია. ეს იყო თავსმოხვეული ტრაგედია, ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ტრაგედია. მოგმართავთ ყველას, აფხაზებს, ქართველებს, შეერთდით. აფხაზებო, მოდით ჩვენთან, ქართველები მოვიდნენ თქვენთან და ერთად ვიტიროთ ჩვენი მიცვალებულები" - განაცხადა ილია მეორემ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 22 წელი შესრულდა. 27 სექტემბერს საქართველოში ტრადიციულად ხსოვნისა და იმედის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მართავენ. საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში კი აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს იხდიან.

კომენტარები