რუსთავი 2-ის საქმე

ჩერგოლეიშვილი TV საქართველოს დაყადაღებაზე: ივანიშვილი კისერს მოიტეხს

თამარ ჩერგოლეიშვილი
Khatuna Khutsishvili / Forbes

ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის შეფასებით, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით ტელეკომპანია საქართველოს დაყადაღება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი ძალის და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, რუსთავი ორი არ განვითარდეს და მუდმივად ჰქონდეს ფინანსური პრობლემები. რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელის - შპს ტელეკომპანია საქართველოს დაყადაღებას ჩერგოლეიშვილი გადაცემა სხვა შუადღეში გამოეხმაურა. მისი თქმით, "ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად კისერს მოიტეხს ამგვარი ნაბიჯებით, ვპირდები, ვნახავთ, მთელი საზოგადოება დავინახავთ, როგორ მოიტეხს ბიძინა ივანიშვილი კისერს ამის გამო".

"შპს საქართველო არის რუსთავი ორის 51% წილის მფლობელი, უდიდესი წილის მფლობელი. საქმე ისაა, რომ ორი დღის წინ გაიყიდა საქართველო და ტრანზაქციის შედეგად შემოსული თანხა უნდა მოხმარებოდა რუსთავი ორის განვითარებას, უნდა გაზრდლიყო რუსთავი ორის კაპიტალი და ხდება ასეთი უაზრობა - ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე აყადაღებენ "საქართველოს". ქიბარ ხალვაში რაზე დავობს? რომ რუსთავი ორიდან რაღაც მისია, შესაბამისად, ყადაღა ემსახურება იმის უზრუნველყოფას, რომ რუსთავი ორის მფლობელებმა ისე არ ქნან, რომ ქიბარ ხალვაშს საქმის მოგების შემთხვევაში, რუსთავი ორისგან აღარაფერი არ დარჩეს. მაგრამ ამ ტრანზაქციით რუსთავი ორის კაპიტალი პირიქით იზრდებოდა, ქიბარ ხალვაში თუ წარმატებას მიაღწევდა, მას პირიქით, გაზრდილი კაპიტალი დახვდებოდა ტელევიზიაში. ანუ, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აქ არის მთლიანად მმართველი ძალის და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ჩართული, რომ რუსთავი ორი, როგორც კომპანია, არ განვითარდეს და ჰქონდეს მუდმივად ფინანსური პრობლემები. ამას აკეთებს თანმიმდევრულად, ჯერ იყო რეკლამის კანონი, მერე ქიბარ ხალვაშის და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობაზე ძალიან კარგად ვიცით, ამასობაში, დაემატა ის, რომ სრულიად გაუგებარ გარემოებებში მოკლეს ეროსი კიწარიშვილი", - თქვა ჩერგოლეიშვილმა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თითოეული მოქალაქის ინტერესს აზარალებს. მისი შეფასებით, ევროინტეგრაციის გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზია ის, "რაც ხდება მედიასთან მიმართებით". ჩერგოლეიშვილმა შტეფან ფულეს განცხადება გაიხსენა, რომლითაც ევროკომისარმა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართა.

"კომისარი ფულე იყო ცოტა ხნის წინ ჩამოსული კონფერენციაზე. მე ამ ადამიანისგან ასეთი კრიტიკა არ მომისმენია. მან უსუფაშვილს უთხრა, რომ - თქვენ სკეპტიკოსებს აძლევთ საბაბს. აი, ეს არის საბაბი ევროკავშირში, ნატოში მყოფი სკეპტიკოსებისა, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ეჭვის თვალით უყურებენ, რომ არასოდეს საქართველო არ გახდეს თავისუფალი სივრცის ნაწილი. ეს არის, დღეს რაც ხდება. საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესს აზარალებს დღეს ბიძინა ივანიშვილი, თითოეული მოქალაქის ინტერესს, ჯიბეს, თავისუფლებას, ყველაფერს", - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია საქართველოს წილებიც დააყადაღა. ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია საქართველოს წილების გასხვისება. ადვოკატის თქმით, საჯარო რეესტრში 29 სექტემბერს წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, ძმები ყარამანაშვილები გეგმავდნენ ტელეკომპანია საქართველოში მათი წილების დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანისთვის გადაცემას.

"მითითებული გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზანს ისახავდა - 1. ე.წ. კეთილსინდისიერი შემძენისთვის წილების გადაცემა. 2. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ფიქტიური ფინანსური ვალდებულებებით დატვირთვა. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილების ალბათობა მართლაც დიდია და, სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა რუსთავი 2-ის დღევანდელი მფლობელების მიერ კიდევ ერთი ფიქტიური გარიგების დადების წინაპირობა. როგორც კი ცნობილი გახდა მოსალოდნელი ფიქტიური გარიგების დადების თაობაზე, ჩვენ მოვითხოვეთ ტელეკომპანია საქართველოს წილების გასხვისების აკრძალვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ამ ეტაპზე არიდებულ იქნა რუსთავი 2-ისთვის ფიქტიური გარიგებით რამდენიმემილიონიანი ფინანსური ვალდებულების დაკისრების საფრთხე", - განაცხადა პაატა სალიამ.

ცნობისთვის, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი შპს ტელეკომპანია საქართველოს გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება 29 სექტემბერს გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოს მფლობელებმა გიორგი და ლევან ყარამანიშვილებმა 100-პროცენტიანი წილი დიმიტრი ჩიქოვანს 400 ათას დოლარად მიჰყიდეს. ჩიქოვანი, თავის მხრივ, იღებდა ვალდებულებას, ტელეკომპანია საქართველოს კუთვნილ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში 6 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიცია/ფინანსირება განეხორციელებინა.

კომენტარები