რუსთავი 2-ის საქმე

რეესტრი: ტელეკომპანია საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება 29 სექტემბერს მივიღეთ

საჯარო რეესტრის განცხადებით, სააგენტომ გადაწყვეტილება ტელეკომპანია საქართველოს შესახებ 29 სექტემბერსვე მიიღო. რეესტრის ინფორმაციით, პარტნიორების კუთვნილი წილის გასხვისების რეგისტრაციის მოთხოვნას ჰქონდა სამართლებრივი ხარვეზი - შემძენი მხარის წარმომადგენელს მინიჭებული ჰქონდა შპს "ტელეკომპანია საქართველოს" საკუთრებაში არსებული წილების შეძენის უფლებამოსილება და არა - შპს "ტელეკომპანია საქართველოს" კაპიტალში პარტნიორთა წილების შეძენის უფლება. რეესტრის ცნობით, ამ მომენტისათვის სააგენტოში არ არის წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტი, რომელიც გამოასწორებს მინდობილობისთვის კანონმდებლობით დადგენილ ხარვეზს.

"საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ მისი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის საქმიანობას და თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების ანდა ფაქტობრივად არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. სიმართლეს არ შეეფერება ინფორმაცია, თითქოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება შპს "ტელეკომპანია საქართველოს" შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს "ტელეკომპანია საქართველოს“ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარმოდგენის დღესვე, 29 სექტემბერს (ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge). გადაწყვეტილება მდგომარეობდა იმაში, რომ შპს "ტელეკომპანია საქართველოს" პარტნიორების კუთვნილი წილის გასხვისების რეგისტრაციის მოთხოვნას გააჩნდა სამართლებრივი ხარვეზი - შემძენი მხარის წარმომადგენელს მინიჭებული ჰქონდა შპს "ტელეკომპანია საქართველოს" საკუთრებაში არსებული წილების შეძენის უფლებამოსილება და არა - შპს "ტელეკომპანია საქართველოს"კაპიტალში პარტნიორთა წილების შეძენის უფლება.

ამ მომენტისათვის სააგენტოში არ არის წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტი, რომელიც გამოასწორებს მინდობილობისთვის კანონმდებლობით დადგენილ ხარვეზს. ამგვარი დოკუმენტის წარმოდგენისთანავე, სარეგისტრაციო წარმოება განახლდება, როგორც ეს ხდება ნებისმიერ სხვა საქმეზე, და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება ტელეკომპანიისა და შემძენი მხარისათვის სასურველი რეგისტრაცია. აქვე შევახსენებთ დაინტერესებულ მხარეებსა და სხვადასხვა განცხადების ავტორებს, რომ კანონმდებლობის თანახმად ("მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, 2009 წლის 30 დეკემბერი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241ბრძანება) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი განცხადება და თანდართული ნებისმიერი დოკუმენტი საჯაროა, ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, განაცხადის წარდგენის პირველივე წუთიდან. ამგვარი საჯაროობა და გამჭვირვალობა ემსახურება ყველა მხარის ინტერესს, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ბიზნესსა და სამეწარმეო საქმიანობას", - წერია რეესტრის განცხადებაში.

ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი ტელეკომპანია საქართველოც დააყადაღა. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც საჯარო რეესტრმა კომპანიის მონაცემებში ცვლილების შეტანაზე უარი თქვა. საუბარია ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომელიც 29 სექტემბერს კომპანიის 100%-ის მფლობელ ძმებ ყარამანაშვილებსა და დიმიტრი ჩიქოვანს შორის გაფორმდა და 6 მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობდა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მისი მიმართვის საფუძველზე მიიღო, რადგან იგეგმებოდა რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანიის წილების გასხვისება დიმიტრი ჩიქოვანზე.

შპს საქართველოს დაყადაღების გადაწყვეტილება იმავე მოსამართლემ მიიღო, რომელმაც აგვისტოში, ქიბარ ხალვაშის საჩივრის საფუძველზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ქონება დააყადაღა.

სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებამდე, 5 აგვისტოს, რუსთავი 2-ის ქონება სრულად დააყადაღეს. ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი 4 აგვისტოს შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.

კომენტარები