წამების კადრები

ომბუდსმენი: კადრების გამავრცელებლებმა უმოკლეს დროში უნდა აგონ პასუხი

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება უმოკლეს ვადებში უნდა დასრულდეს. გამოძიების მიმდინარეობას სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს გაუწევს.

"უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ, რომლის წევრი სახალხო დამცველიც იყო, ფარული ჩანაწერების დიდი ნაწილის განადგურებაზე უარი თქვა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარებულიყო და ყველა დამნაშავე პირს პასუხი ეგო. მუშაობის დასრულების შემდეგ, 2014 წლის 31 იანვარს კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში და რეკომენდაცია მისცა შესაბამის ორგანოებს, ეფექტური გამოძიება ჩაეტარებინა უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა დასჯის მიზნით. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა, ერთის მხრივ ყველა ზომა უნდა გაატარონ მსგავსი კადრების გავრცელების პრევენციისათვის, ხოლო გავრცელების შემთხვევაში, ისე როგორც ეს 17 ოქტომბერს მოხდა, ყველა დამნაშავე პირმა უმოკლეს დროში უნდა აგოს პასუხი", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

17 ოქტომბერს, NDI-ის კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ინტერნეტში წამებისა და გაუპატიურების კადრები გავრცელდა. ვიდეომასალა უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით, რამდენიმე ქართულმა გამოცემამ გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, კადრები წინა ხელისუფლების დროს არის გადაღებული. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააცნო, რის შემდეგაც აღმოჩენილი მასალები საჯაროდ გაანადგურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 17 ოქტომბერს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს - პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები