მონტენეგრო

მონტენეგროში საპროტესტო აქცია დაარბიეს

REUTERS/STEVO VASILJEVIC

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ისინი მონტენეგროს პრემიერმინისტრის მილო ჯუკანოვიჩის გადადგომას და დროებითი მთავრობის შექმნას ითხოვდნენ.

პოლიციამ სახელმწიფო ინსტიტუტებს ალყა შემოარტყა, განსაკუთრებით ბევრი სამართალდამცველი იცავდა პარლამენტის შენობას და მთავრობის შტაბბინას, სადაც ჯუკანოვიჩი იმყოფებოდა. აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფმა მთავრობის შტაბბინაში შეჭრა სცადა, რის საპასუხოდაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, დაკავებულია 15 დემონსტრანტი და დაშავებულია 4 პოლიციელი.

მონტენეგროს მთავარი ოპოზიციური პარტიის "დემოკრატიული ფრონტის" ლიდერმა ანდრია მანდიჩმა მთავრობა გააფრთხილა: "იმ შემთხვევაში, თუ შაბათამდე პრემიერმინისტრი არ გადადგება და დროებითი მთავრობა არ ჩამოყალიბდება, ხალხი მთელი მონტენეგროდან ჩამოვა პოდგორიცაში და გამართავს უფრო ფართომასშტაბიან აქციებს".

შეგახსენებთ, რომ მონტენეგროში საპროტესტო აქციები სექტემბრის ბოლოდან იმართება.

კომენტარები